1994 წლის პირველ ივნისს ქალაქ რუსთავში 3-მა მეგობარმა დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დაარსება გადაწყვიტა. მიზანი ერთი იყო-თანაქალაქელებისთვის ეთქვათ სიმართლე და არა ის, რაც მაშინდელ ხელისუფლებას სურდა. ტელეკომპანია რუსთავი 2 მწირი ტექნიკური შესაძლებლობებით, მაგრამ გამბედავი ადამიანებით მალე იქცა ადგილობრივი ხელისუფლების თავსატეხად და ეთერში გასვლიდან რამდენიმე თვეში რუსთავი 2 რუსთავში დახურეს.
1995 წელს რუსავი 2-ის მთელი აღჭურვილობა, ტექნიკური და შემოქმედებითი ჯგუფი, ორ მანქანაში ჩაეტია და სამაუწყებლოდ თბილისში გადმოვიდა-აქაც სიმართლის მოსაყოლად.
დამოუკიდებელმა არხმა დედაქალაქში მალე მოიპოვა პოპულარობა და უამრავ მაყურებელს აჩვენა რეალური საქართველო. თბილისში მაუწყებლობის გახსნიდან ზუსტად ერთ თვეში შევარდნაძის ხელისუფლებამ დამოუკიდებელ არხს ომი გამოუცხადა და ისევ დახურა.
საზოგადოებამ პროტესტის სხვადასხვა ფორმებით სიტყვის თავისუფლების დაცვა და ხელისუფლების ხმამაღალი კრიტიკა დაიწყო, რუსთავი 2-ის ეთერში დაბრუნების მოთხოვნით დაიწყო აქციებიც.
1997 წლის აპრილში მაშინდელ ხელისუფლებაზე, საერთაშორისო საზოგადოების მკაცრმა რეაქციამ შედეგი გამოიღო და რუსთავი 2-ის მაუწყებლობა აღდგა.
რუსთავი 2 გახდა პირველი ქართული არხი სატელიტზე, რომელმაც თავისი ეკრანიდან მთელს საქართველოს დანარჩენი მსოფლიო უჩვენა.
რუსთავი 2-ის გაჩუმება ბევრჯერ სცადეს, ტყვიით და ნაღმმტყორცნითაც კი,
რასაც გიორგი სანაიას მკვლელობაც მოჰყვა. გიორგი სანაიას მკვლელობის ირგვლივ არსებულმა კითხვებმა მთელი საზოგადოება მოიცვა და რუსთავი2-ის გაჩუმება უკვე მესამედ სცადეს.
ტელეკომპანიის შენობაში უშიშროების შემოსვლას დაუყოვნებლივ მოჰყვა ხალხის რეაქცია. ათასობით გულშემატკივარმა ჯერ რუსთავი 2-ის ეზოში მოიყარა თავი, შემდეგ კი საპროტესტო ტალღამ დედაქალაქის ქუჩები მოიცვა. რუსთავი 2-ის გაჩუმების მესამე მცდელობას მაშინდელი ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტი შეეწირა და რუსთავი 2 თავისდაუნებურად აღმოჩნდა პოლიტიკურ პროცესებში, რომელმაც ღიად გადაკვეთა ობიექტური ჟურნალისტიკის საზღვრები.
ვარდების რევოლუციის აქტიური მხარდაჭერის გამო, რუსთავი 2 გამარჯვებული ხალხი ტელევიზიად იქცა.
მას შემდეგ შეიცვალნენ ტელეკომპანიის მფლობელები, რომელთა შორის ქიბარ ხალვაშიც იყო.
ავტორი: თეა ადეიშვილი