20 ნოემბერი 2024,   17:23
ვრცლად
რუსთავი 2 ეთერში გასვლიდან 21 წლის შემდეგ ხელისუფლების მორიგი სამიზნე ხდება

რუსთავი 2-ის ქონებას ყადაღა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დაადო. მისი განჩინებით რუსთავი 2-ს ფინანსური ვალდებულების აღებაც აეკრძალა, რამაც ტელევიზია უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ეს გადაწყვეტილება ციფრულ ფორმატზე გადასვლის პერიოდს უკავშირდება და რუსთავი 2-ს აუცილებელი ტექნიკური გადაიარაღება სჭირდება. საჭირო აპარატურის შეძენას ტელევიზიას ლიზინგით გეგმავდა, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ პროცესს პრობლემები შეუქმნა. 

ტელეკომპოანიას მაუწყებლობის განხორციელებაშიც ეშლება ხელი. რუსთავი 2-ის საფინანსო სამსახური უკვე მესამე დღეა ვეღარ ახერხებს გასცეს საბანკო გარანტიები. ევროპასა და აზიაში რუსთავი 2-ის გადაცემების გავრცელება რამდენიმე კვირის წინ ფრანგულმა კომპანია ეუტელსატმა დაიწყო, თუმცა ყადაღის გამო რუსთავი 2 ვეღარ ახერხებს კომპანიას საბანკო გარანტიები გადაუგზავნოს.

რამდენიმე მოთხოვნის მიუხედავად სასამართლო სამაუწყებლო კომპანიის იურდიულ სამსახურს უარს ეუბნება გადასცეს ქიბარ ხალვაშის საჩივარი, სადაც წესით უნდა იყოს განმარტებული, რის საფუძველზე მოითხოვა მან რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ბრძოლა ტელევიზიის წინააღმდეგ მიმდინარეობს და ის არა ქიბარ ხალვაშამა, არამედ ხალვაშის სახელით ხელისუფლებამ დაიწყო. ნიკა გვარამია მოითხოვს, რომ საქმე არა ერთმა, არამედ სამი მოსამართლისაგან შემდგარმა კოლეგიამ ზეპირი მოსმენით განიხილოს, რადგან არხის დირექტორს მოსამართლე ურთმელიძის ობიექტურობაში ეჭვი ეპარება.

ავტორი: ნოდარ მელაძე.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები