30 დეკემბერი 2024,   21:58
ვრცლად
ე.წ. მოსმენების შესახებ კანონი - რას მოიცავს ვენეციის კომისიის გადაუდებელი მოსაზრება და რა გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში

ვენეციის კომისიამ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით გადაუდებელი მოსაზრება გამოაქვეყნა. საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა 7 ივნისს მესამე მოსმენით მიიღო, მოგიანებით კი პრეზიდენტმა ვეტო დაადო, კომისიისთვის ნაჩქარევი ნაბიჯია. გზავნილში წერია, რომ პროექტი დამატებით დამუშავებას საჭიროებს. მოსაზრება დასამტკიცებლად კომისიას მომავალ სხდომაზე უნდა წარედგინოს, რომელიც ოქტომბერშია ჩანიშნული.

რეკომენდაციის უცნაური ფორმით გამოქვეყნების საკითხზე საუბრობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ ინფორმაციაში, რომელიც "ტვიტერზე" გამოქვეყნდა მითითებულია დანართი, თუმცა მასში სულ სხვა - სასამართლოს კანონზეა საუბარი, ამ პროექტზე კი პრინციპული შენიშვნები არ არსებობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებაში სამართლებრივი არგუმენტები ვერ ამოიკითხეს.

ვენეციის კომისიის გზავნილი მოულოდნელი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის. მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ კანონპროექტზე მუშაობის პროცედურებმა, კითხვის ნიშნები გააჩინა მიღებული კანონის მიზნებთან დაკავშირებით.

კანონის მიღების დაჩქარებულ ტემპთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩში". ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა კანონპროექტის შინაარსშია.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრებაში მითითებული არ არის სამართლებრივი არგუმენტები, რომლის წარდგენამდეც კრიტიკა მმართველი გუნდისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე უმრავლესობა საშემოდგომო სესიაზე პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება.

უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილი ცვლილებების თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების მაქსიმალური ვადა 6 თვიდან 9 თვემდე იზრდება, ხოლო დანაშაულთა ჩამონათვალს, რომელზეც ფარული თვალთვალი შეიძლება განხორციელდეს, 27 ნაკლებად მძიმე დანაშაული ემატება. ამასთან, იცვლება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის შეტყობინების წესიც.

დღის ამბები