ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე რუსთავი 2-ის ბოიკოტირების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მანანა კობახიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს და ხაზს უსვამს, რომ ეს მხოლოდ მისი პირადი მოსაზრებაა. ვიცე-სპიკერი გამოქვეყნებულ სტატუსში რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორსაც აკრიტიკებს და მას "ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლად" მოიხსენიებს.
"როდესაც სამოქალაქო სექტორი ან იგივე ნაციონალური მოძრაობა რუსთავზე საუბრისას მას "თავისუფალ მედიად" მოიხსენიებენ, ძალიან უსამართლოა, უბრალოდ სიცრუეა და არასწორია. თუ ხელისუფლებას გულისხმობენ, დიახ, ის თავისუფალია ხელისუფლებისგან, რაც სწორია და ეს ასეც უნდა იყოს, მაგრამ ის ხომ მთლიანად დამოკიდებულია ნაცმოძრაობაზე. ამას პირდაპირ და აშკარად ადასტურებს მისივე მენეჯერის, გვარამიას ერთ-ერთი ინტერვიუც, რაც ამ სივრცეშიც შეგიძლიათ მოიძიოთ. ეს უკანასკნელი არაერთხელ ღიად და საჯაროდ დაგვემუქრა ხან ჯოჯოხეთით, ხან ომით. ეს ადამიანი არ მალავს პირდაპირ კავშირებს ნაცებთან, მათგან რჩევებსაც იღებს და ბინძურ დავალებებსაც. ბოლოსდაბოლოს, ის ხომ ნაცების ერთ-ერთი იდეოლოგი, ლიდერი, დეპუტატი, პროკურორი, მინისტრი იყო... მეტი რაღა არგუმენტია საჭირო იმისთვის, რომ დავიჯეროთ - ეს არხი ემსახურება ერთადერთს: ნაცების ნებისმიერი გზით დაბრუნებას ხელისუფლებაში!
კი ბატონო, ემსახურონ, იყვნენ ოპოზიციაში, გვებრძოლონ, გვაკრიტიკონ, ბევრჯერ ცილი დაგვწამონ! სიტყვის თავისუფლება ხომ დაცულია! მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერებში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?! მოვა ისევ სექტემბერი, გამოგვიძახებს გაბუნია ან მისი მსგავსი, ხოდა ჩვენც არ დავაყოვნოთ, გავიქცეთ, ეს ხომ მაინც "რუსთავია"!“ - წერს მანანა კობახიძე.