რუსთავი 2-მა საქალაქო სასამართლოში ყადაღის მოხსნის მოთხოვნით სარჩელი რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. როგორც რუსთავი 2-ის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, "საქმე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ პოლიტიზირებულია და მას სამართლიანობის აღდგენასთან კავშირი არა აქვს."
„განჩინება მთლიანად არის გასაჩივრებული, 10 წელი ამზადებდა ქიბარ ხალვაში ამ სარჩელს და მისი გაცნობის შემდეგ არ ჩნდება ეჭვი იმისა, რომ ეს არაა კავშირში სამართალთან და სამართლიანობასთან. ეს არის კომპანიის ხელში ჩაგდების პოლიტიკური მცდელობა, ქიბარ ხალვაშის სახელით მოასპარეზე ბიძინა ივანიშვილის მიერ,“ - აცხადებს ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად 5 დღის ვადა აქვს. იმ შემთხვევაში თუ მოსამართლე რუსთავი 2-ის სარჩელს არ დააკმაყოფილებს საქმე განსახილველად სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ქონებას ყადაღა ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე დაედო, რომელმაც სასამართლოში წილის დაბრუნების მოთხოვნით იჩივლა.