საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამერიკის საელჩოს მიერ რუსთავი 2-თან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ასეთი მაღალი ინტერესი აშშ მხრიდან მიუთითებს იმას, რომ საქმე არ გვაქვს კერძო დავასთან. ამის შესახებ კურიერთან სამართლიანი არჩევნების ხელმძღვანელმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„სასამართლომ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე უნდა იმსჯელოს ძალიან მაღალი სამართლებრივი სტანდარტებით,“ - ამბობს ლომჯარია.
რუსთავი 2-ის წინააღმდეგ არსებულ კამპანიაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წამრომადგენელი გიორგი მშვენიერაძე და მიიჩნევს რომ ხელისუფლებისთვის ამერიკის საელჩოს განცხადება უნდა იყოს მნიშვნელოვანი.
„ამერიკის სახელმწიფოს პოზიცია უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ხელისუფლებისთვის, წარმოგვიდგენენ ამ დავას როგორც ორ კერძო სუბიექტს შორის არსებულ დავას, მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა არის ადამიანი, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა რომელსაც სწამს ამ ვერსიის. ყველას აქვს განცდა, რომ ეს არის მიზანმიმართული კამპანია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, იმ ტელეკომპანიის წინააღმდეგ, რომელიც გამოირჩევა ხელისუფლების კრიტიკით,“ - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.