მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ცენტრ "ემპათიას" მიერ გასაჯაროებულ დასკვნას "ქართულ ოცნებაში" აფასებენ. მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, აუცილებელია ითქვას, რა დიაგნოზია და დასაბუთდეს, რომ ამ დიაგნოზის მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, რასაც ვერავინ ვერ ამბობს.
დავით სერგეენკოს განცხადებით კი, ნონსენსია, როდესაც ამბობენ, რომ საქართველოში ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება შეუძლებელია. მისივე თქმით, თუ ექიმები საჭიროდ ჩათვლიან, რომ სააკაშვილს ტოქსიკოლოგიური კვლევის ჩატარება სჭირდება, მაშინ კვლევა საქართველოში ჩატარდება, ხოლო თუ არის ისეთი კომპონენტი, რომლის ჩატარებაც საქართველოში არ შეიძლება, ამისთვის საზღვარგარეთ ნიმუში იგზავნება და არა პაციენტი.
"აბსოლუტური ნონსენსია რაც მოვისმინე - პირველი, ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო და ამას საზღვრავს არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მეორე, საქართველოში ამის ჩატარება შეუძლებელიაო, თუმცა გეტყვით, რომ შესაძლებელია.
პაციენტის კლინიკურ მართვას განსაზღვრავენ ექიმები და არა პოლიტიკოსები, ენთუზიასტები და მხარდამჭერები. თუ ისინი ჩათვლიან, რომ ტოქსიკოლოგიური კვლევაა საჭირო, ჩატარდება და ამისთვის საჭირო არ არის ამხელა ამბის მოწყობა," - განაცხადა დავით სერგეენკომ.