11 დეკემბერი 15 საათი - "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი დასახელდა. თანაგუნდელების საჯარო მოწოდებას კობა ნაყოფიამ უკრაინიდან ასევე საჯარო ვიდეო-მიმართვით უპასუხა და არჩევნების სწრაფად დანიშვნის მომხრეებს, კომუნიკაციის ფორმები დაუწუნა.
"ბევრად უფრო კორექტული და კარგი იქნებოდა, თუ ეს მოხდებოდა კონსულტაციების შედეგად, უბრალოდ ერთი სართულით მაღლა იყო ასასვლელი პარტიის ოფისში და კოლეგებთან შეიძლებოდა საუბრის გამართვა და ერთიანად შეთანხმებულიყვნენ თარიღზე. ყველაზე მარტივი იქნებოდა სატელეფონო ზარი, რომელიც დღეს საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას, მაგრამ მათ, ჩემდა სამწუხაროდ არჩიეს ეს გზა.
მივიღე გადაწყვეტილება, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჩაინიშნოს 2022 წლის 11 დეკემბერს 15:00 საათზე," - განაცხადა კობა ნაყოფიამ.
ცნობისთვის, ორ ბანაკად გაყოფილი პარტიის ერთ-ერთი ფრთის წარმომადგენლებმა, კონკრეტულად კი ლევან ხაბეიშვილის საარჩევნო შტაბის წევრებმა მოქმედ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას პოლიტსაბჭოს ჩანიშვნისკენ დღეს გამართულ ბრიფინგზე მოუწოდეს.