ქიბარ ხალვაში იმ შუამდგომლობას ასაჩივრებს, რომელიც მას სასამართლომ არ დაუკმაყოფილა. საუბარია რუსთავი2–ის ლოგოს გამოყენების აკრძალვაზე.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა დღეს ვერ დააკონკრეტა, რუსთავი2–ის მოქმედი ლოგოს შექმნაში ხალვაშმა კონკრეტულად რა წვლილი შეიტანა.
პაატა სალია მტკიცებულებებზე საუბარს სასამართლოში გეგმავს. მანამდე კი ლოგოს გამოყენების აკრძალვაზე სასამართლოსგან მიღებულ უარს ასაჩივრებს.
ლოგოს გამოყენებასთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინების გასაჩივრება რუსთავი2-ში დღეს "ცინიკურ და წინასწარ განზრახულ ნაბიჯად" შეაფასეს.
იურისტები ვარაუდობენ, რომ სასამართლო ხალვაშს ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს და წინასწარი პროგნოზით, არც ყადაღას მოხსნის, რითიც ის ხელოვნური ბალანსის შექმნას შეეცდება. საბოლოოდ კი ამით ტელეკომპანიაზე მნიშვნელოვანი დარტყმის მიყენება იგეგმება.
ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო ლოგოს გამოყენებასთან დაკავშირებით. ამისთვის სასამართლოს 20-დღიანი ვადა აქვს.
ავტორი: ანა წერეთელი