"ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები იმის შესახებ, რომ ქვეყანაში არიან დაჯგუფებები, რომლებსაც უკრაინაში საომრად ქართველები მიჰყავთ, ფაქტებით დადასტურდა - ასე აფასებენ მმართველ გუნდში მედიაში გავრცელებულ მასალებს და ოპოზიციას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ. საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასა და მიმოწერაზე, რომლის თანახმადაც, უკრაინაში საომარ მოქმედებებში ჩართვის მსურველებს კოორდინაციას ოპოზიციონერ ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი უწევს. ჟურნალისტმა ექსპერიმენტი ჩაატარა და ჯგუფის წარმომადგენელს ომში წასვლის მსურველად გაეცნო. მიმოწერით თანახმად, სამხედრო შენაერთის, "ლეგიონის" წარმომადგენელი, საბრძოლო გამოცდილების გარკვევის შემდეგ, "ომში წასვლის მსურველს" თვეში 45 ათას გრივნას, ანუ 2000 დოლარამდე სთავაზობს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ ადამიანებს ფაქტობრივად ატყუებენ, რადგან მათ არ აფრთხილებენ რომ უცხო ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას.
"მოუწიათ თვითონაც ეღიარებინათ რომ იყო სიმართლე, მაგრამ სიმართლეში ყველაზე უფრო მიუღებელი იყო ის, რომ ჯერ ერთი, ისინი გარკვეულ თანხას სთავაზობენ ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩაერთონ უკრაინაში საომარ მოქმედებებში და შემდეგ ატყუებენ მათ, როცა ეუბნებიან რომ გახდებიან უკრაინის შეიარაღებული ძალების წევრები. სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას, რაზეც არ აფრთხილებენ მათ და ფაქტობრივად ატყუებენ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ლოკალური ომის პარტიისა და რადიკალური ოპოზიციის მტრობაზე ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების მიმართ და მათი საერთო დამოკიდებულება და სულისკვეთება რომ არის ასეთი, ეს არის უმთავრესი მიზეზი, რომ დღეს ისინი გაარაფრების გზაზე დგანან," - განაცხადა იონათამიშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ალუდა ღუდუშაური საომარ მოქმედებებში ადამიანის ფულის სანაცვლოდ წაყვანას ღირსების აყრად მიიჩნევს.
"ამ ადამიანს როგორც ვხედავთ პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით. ძალიან მიმძიმს ამ ტერმინის გამოყენება, თუმცა სხვა არაფერია თუ არა ის რომ დაიქირაო ადამიანი, რათა როგორც ჩანს იქ რაღაც საკუთარი ინტერესები გაატარო. არ აქვს მნიშვნელობა, რაოდენ დიდი მიზანიც არ უნდა გამოძრავებდეს, რაც ბუნებრივია რომ აქ არ და ვერ იკვეთება, ცხადია ამორალურია თანხის სანაცვლოდ საომარ მოქმედებებში ადამიანების წაყვანა. ეს არის პირდაპირ შენი ქვეყნის, შენი მოქალაქეების უბრალოდ ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ შენ საკუთარი ოჯახი, საკუთარი სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებში," - ამბობს ღუდუშაური.