მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში "ნაციონალური მოძრაბის" და ოპოზიციური პარტიების წევრები იკრიბებიან. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათი სამომავლო გეგმები სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, მიზნის მისაღწევად კი ყველა საშუალებას გამოიყენებენ.
"თუ სასამართლოს მიეცემა შესაძლებლობა, სამართლებრივად გადაწყვიტოს ეს საკითხი - ყველა სახის მტკიცებულება არსებობს, დასკვნა ექიმების, ექსპერტების, პროფესიონალების, რამაც უნდა უზრუნველყოს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა მესამე ქვეყანაში, სადაც ამ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა მისი მკურნალობა დაექვემდებაროს ნორმას და მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე. დავიტოვებთ იმედს, რომ სასამართლო ახლა მაინც იქნება პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და თუ ასე იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ შემთხვევაში ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული,"- განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯნმართელობის მდგომარეობაზე ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა.
"ვერ ვიქნებით ღვთის ანაბარად მიტოვებული სააკაშვილის იმედად. ჩვენ გვინდა, რომ ხელისუფლებამ აიღოს პასუხისმგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს მიეცეს შესაბამისი სერვისით სარგებლობის უფლება, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო არ კლავდეს ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ასეთია პოლიტიკური უმრავლესობის ნება," - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
მმართველი გუნდი "ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს.
"ჩვენთვის ეს საკითხი საერთოდ არ არის აქტუალური, ჩვენ შევწყვიტეთ კომენტარების გაკეთება პატიმარი სააკაშვილის შესახებ. ეს არის სამართლებრივი საკითხი თავიდან ბოლომდე, ამიტომ რაიმე სახის კომენტირება ჩვენ დავასრულეთ ამ საკითხზე. ეს არ არის ჩვენი საკითხი. ამ შეკითხვებს არ უნდა სვამდეთ პოლიტიკოსებთან მაშინ, როდესაც ეს საკითხი არის სამართლებრივად განსახილველი და შესაბამისი სახელმწიფო უწყება და დაწესებულება, როცა ამის საჭიროება და აუცილებლობა იქნება, თვითონ გადაწყვეტენ რა განცხადება გაავრცელონ და რა არა," - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საკითხი მხოლოდ სასამართლოს გადასაწყვეტია.
"სიმრავლე დიაგნოზებისა და დაავადებებისა ნიშნავს იმას ავტომატურად და მითუმეტეს, როდესაც შეიძლება განსხვავებული შეხედულებებიც არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომატურად ან გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების მიზეზი არსებობს. ამას სჭირდება კარგად შეფასება და იგივე, სისხლისსამართლის მარეგულირებელი კანონმდებლობა რომ დღესაც ამ საკითხებს არეგულირებს საუბარი გაცილებით უფრო მძიმე შემთხვევაზე და ისეთ შემთხვევებზე, რომელიც საბედნიეროდ განსხვავდება იმისგან, რაც ახლა გვაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბატონი სააკაშვილის. მე, სიმართლე რომ გითხრათ, დიდად პერსპექტიულად ამ მოთხოვნის წამოყენებას არ ვთვლი, მაგრამ მიუხედავად ამისა, რა საკვირველია, რომ ეს არის მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.