14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
აუცილებელია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დავეხმაროთ, რომ ევროკავშირს მეტად დაუახლოვდნენ - ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ, დღეს ბრიუსელში პირველად იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალი. ინიციატივა მინისტრების შეკრების შესახებ, ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში, რუმინეთს და შვედეთს ეკუთვნის. მთავარი მიზანია ახალი რეალობის პირობებში განსაზღვრული იქნეს, რა პოლიტიკა უნდა ჰქონდეს ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებთან და როგორ ხედავენ სამომავლო თანამშრომლობას მათთან.

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ "ტვიტერზე" განაცხადა, რომ დღის წესრიგში იქნება ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული დახმარება, რომლის საერთო ჯამიც 17 მილიარდ ევროზე მეტია.

"აღმოსავლეთ პარტნიორობა დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. აუცილებელია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას დახმარება გავუწიოთ იმისთვის, რომ ევროკავშირს მეტად დაუახლოვდნენ. დღევანდელი განხილვის საკითხიც სწორედ დახმარების თემაა, თუ რა არის ყველა მნიშვნელოვანი საჭიროებები ამ ქვეყნებისთვის ამ ეტაპზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილა ჩვენთან თუ რა სახის ნაბიჯებია გადასადგმელი კანდიდატის სტატუსისთვის. ცხადია ჩვენ ვაკვირდებით საქართველოს მხრიდან ამ მოთხოვნების შესრულებას იმისთვის, რომ საქართველო მეტად დავუახლოვოთ ევროკავშირს," - აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი აცხადებს, რომ სასურველია  საქართველოს მთავრობამ მეტი შემართებითა და მონდომებით იმოქმედოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასა და მის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

"როდესაც საუბარია ევროკავშირის წევრობის სტატუსზე, სამწუხაროა, რომ ამ გზაზე საქართველო, მოლდოვისა და უკრაინისგან განცალკევებულ რელსებზე აღმოჩნდა. მოგეხსენებათ, ლიეტუვა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამ გზაზე წინსვლის გასაღები საქართველოს მთავრობის ხელში რჩება და მე ვისურვებდი, რომ საქართველოს მთავრობამ მეტი შემართებითა და მონდომებით იმოქმედოს ამ მიმართულებით," - აცხადებს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

დღის ამბები