"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ერთობის დემონსტრირებას ცდილობენ, თუმცა პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, სადაც პარტია არჩევნების ჩატარების თარიღსა და ფორმაზე შეთანხმდა - ლევან ხაბეიშვილმა მორიგი განცხადება გააკეთა და კვლავ ნიკა მელია გააკრიტიკა. კონკურენტი მოქმედ თავმჯდომარეს კვლავ პასიურობაში ადანაშაულებს.
მელიას გუნდი ხაბეიშვილის პოზიციას კონკრეტული მიზეზით ხსნის. ამბობენ, რომ პოლიტსაბჭოზე მოქმედ თავმჯდომარეს უმრავლესობის მხარდაჭერა ჰქონდა, რასაც ხაბეიშვილის გაღიზიანება მოჰყვა და მომხრეების მობილიზებას ამ მეთოდით ცდილობს.
პოლიტსაბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე ინფორმირებულია "ნაციონალური მოძრაობის" დამფუძნებელიც. უკრაინიდან დაბრუნებულმა კობა ნაყოფიამ ჯერ პოლიტსაბჭო ჩაატარა, დღეს კი სააკაშვილს "ვივამედში" ესტუმრა და გადაწყვეტილებების შესახებ ესაუბრა.
კიდევ ერთი უთანხმოება "ნაციონალურ მოძრაობაში" ფინანსების განკარგვას მოჰყვა. ცნობილია, რომ პარტიის რესურსებზე წვდომა გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს შეეზღუდა და ის ბუღალტერიას გადაეცა.
მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე მმართველი პარტიაში ფიქრობენ, რომ შესაძლოა "ნაციონალურმა მოძრაობამ" ყველაზე დიდი ოპოზიციური ძალის სტატუსი დაკარგოს. სახელისუფლებო გუნდში დარწმუნებული არიან, რომ საზოგადოების დამოკიდებულება პოლიტიკური ძალის მიმართ უკვე შეცვლილია.
უკვე ცნობილია, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, პარტია 28 -29 იანვარს ბლოკჩეინის მეთოდით - ფარულობის უზრუნველყოფით აირჩევს, მანამდე კი ოპოზიციური პარტია სასამართლო პროცესისთვის ემზადება, 14 დეკემბერს სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უნდა იმსჯელოს.