14 ნოემბერი 2024,   21:28
ვრცლად
ვინ როგორ აფასებს პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სამხედრო-სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით - საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილეს

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე, სამხედრო-სავალდებულო სამსახურთან დაკავშირებით. ოპოზიციის კრიტიკის პარალელურად, მმართველმა გუნდმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ  მოაწესრიგებს ამ მიმართულებით სისტემაში არსებულ ხარვეზებს ეს გადაწყვეტილება. 

"სამწუხაროა, როდესაც ქვეყნის პრემიერი თავდაცვის რეფორმას სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით ათანხმებს საპატრიარქოსთან და ეს არის კიდევ ერთხელ იმ პრობლემის მაჩვენებელი, რომელიც ქვეყანაში დღეს პოლიტიკურ დონეზე გვაქვს,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი თეონა აქუბარდია.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი ახალი "თავდაცვის კოდექსის" მიღების მნიშვნელობა შეაფასა და პლენარულ სხდომაზე იმ მნიშვნელოვან სიახლეებზე ისაუბრა, რასაც ახალი კოდექსი ითვალისწინებს.

"კოდექსი ხელს შეუწყობს სამხედრო პერსონალის მართვის სისტემის დახვეწას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, საბინაო პოლიტიკის მოწესრიგებას და მასში ახლებურად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის დაჭრა-დასახიჩრების ან დაღუპვისთვის დაწესებული საკომპენსაციო თანხების ოდენობა.

მნიშვნელოვანია, რომ ხმარებიდან ამოდის სიტყვა - სავალდებულო, რაც კოდექსის სულისკვეთებას უსვამს ხაზს.

 წვევამდელთა სამსახური ბმაში იქნება რეზერვის სისტემასთან. შედეგად კი 10 წლის პერსპექტივაში საქართველოს ეყოლება 100 000-მდე ბრძოლის უნარიანი და მომზადებული რეზერვისტი,"- აცხადებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ვლადიმერ ჩაჩიბაია.

დღის ამბები