საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს დღეს მთავრობის ხელმძღვანელმა უმასპინძლა. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ორი ქვეყნის პრემიერებს შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი მხარეებმა გაფართოებულ ფორმატში, მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე გადაინაცვლეს.
მთავრობათაშორისი ერთობლივი კომისიის მეცხრე სხდომა კონკრეტული შედეგებით დასრულდა. ხელი მოეწერა რამდენიმე მემორანდუმს, რომლის მიხედვით, გაძლიერდება თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესი, სოფლის მეურნეობა, მინერალური რესურსების ათვისება. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ორმხრივი პარტნიორობის ფარგლებში კონკრეტული პროექტების განხორციელება არა მარტო ორი ქვეყნის, არამედ რეგიონის სტაბილური განვითარების გარანტი გახდება.
საქართველო და აზერბაიჯანი ენერგეტიკული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე უკვე შეთანხმდნენ. 24 ოქტომბერს, ილჰამ ალიევის ვიზიტის დროს, ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველო სატრანზიტო დერეფნის როლს შეასრულებს იმ სქემაში, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ევროკავშირის ტერიტორიაზე ექსპორტის გაზრდას გეგმავს. უფრო დაიტვირთება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი და იგეგმება ბაქო სუფსის ტერმინალის გამოყენებაც. ორ ქვეყანას შორის გაზრდილი ტვირთბრუნვის ფონზე, მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზიც. საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური ურთიერთობების დადებით დინამიკაზე ისაუბრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმაც.
აზერბაიჯანის პრემიერთან შეხვედრასა და განხილულ საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელ ტვიტერშიც დაწერა. ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ კი, მთავრობის ადმინისტრაციის დატოვებამდე ალი ასადოვს ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ხედები დაათვალიერებინა. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანელ კოლეგას მთაწმინდაზე - სტუმრის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზეც უმასპინძლა. ორი ქვეყნის პრემიერებმა ფუნიკულიორამდე ტრამვაით იმგზავრეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთანაც გამართა. საპარლამენტო ოპოზიციისა და უმრავლესობის წევრებთან აუდიენციისას, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ორმხრივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას.
აზერბაიჯანის პრემიერი დღეს ორბელიანების სასახლეშიც იმყოფებოდა. პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ეკონომიკის, ენერგეტიკის და ინფრასტრუქტურის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხს. საქართველო და აზერბაიჯანი არსებული გამოწვევების ფონზე ადასტურებენ, რომ უდიდესი წვლილი შეაქვთ არა მარტო რეგიონის, არამედ ევროპის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში.