14 ნოემბერი 2024,   21:26
ვრცლად
თუ აქვთ დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს, რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს - ბექა დავითულიანი სააკაშვილზე

"ნაციონალური მოძრაობა" ნამდვილად არის დამძიმებული იმ ცოდვით, რომ იყვნენ მკვლელების პოლიტიკური თანამზრახველები, -ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა დავითულიანი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის ანა წითლიძის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ რატი ბრეგაძის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.

"გამოვეხმაურები იმ პერფორმანსს, რომელიც აქ ჩვენმა ოპონენტებმა დადგეს. გვიწოდებდნენ ვითომ მკვლელებსა და ბავშვები ატარებენო იმ ცოდვას, რომელსაც თქვენ ჩადიხართო. ისინი ნამდვილად არიან დამძიმებული იმ ცოდვით, რომ იყვნენ მკვლელების პოლიტიკური თანამზრახველები. სწორედ ამიტომ არიან იმ მორალურ ნიშნულზე, საიდანაც შეუძლიათ ბავშვების ხსენება. ჩვენ ამას ნამდვილად ვერ ვახსენებდით, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება შვილებს, მათ ვუსურვებ ბედნიერებასა და წარმატებას. რატი ბრეგაძის შვილებსაც და მათ შვილებსაც უკლებლივ. ვუსურვებ ისეთ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც პოლიტიკურ დღის წესრიგს ამ მორალური კატეგორიებიდან ვერავინ შექმნის.

რაც შეეხება კითხვას, ვიხილეთ კადრები. რომ გითხრათ, ვინმეში კმაყოფილებას იწვევს ეს კადრები, რაც გავრცელდა პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ალბათ არა -  დარწმუნებული ვარ, არც თქვენში და არც არავისში, თუმცა სულ ორი გზაა: ერთი, რომ იმ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიდის რაღაცნაირი სიმულაცია ან მორე, ეს პატიმარი არის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში. პირველ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია და მეორე შემთხვევაში, თუ მიდის ამ კუთხით კვლევა, თუ აქვთ დასკვნა დაწერილი ფსიქიატრებსა და ფსიქოლოგებს და რაიმე სპეციფიკურ მკურნალობას ხომ არ საჭიროებს. მესმის პერსონალური მონაცემებია, მაგრამ შეფასება თუ არის გაკეთებული დარგის სპეციალისტების მხრიდან?!"- განაცხადა დავითულიანმა.

ცნობისთვის, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვეს. მანამდე კი ფრაქციის დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პლაკატები მიიტანეს, სადაც პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეოკადრებიდან ამოჭრილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ფოტოები იყო ასახული. დარბაზის დატოვებამდე ფრაქციის დეპუტატმა ანა წითლიძემ რატი ბრეგაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ "მის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ".

დღის ამბები