პოლიტიკაშიც და ადამიანურ ურთიერთობებშიც უღირსი საქციელია, როდესაც ოპონირების დროს ოჯახის წევრებზე მიუთითებთ ერთმანეთს. მით უმეტეს, არასრულწლოვან შვილებზე, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
იონათამიშვილი გამოეხმაურა პარლამენტის დარბაზის დატოვებისას "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანი წითლიძის მიერ რატი ბრეგაძის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, რატი ბრეგაძის ქმედებებზე მისი შვილები აგებენ პასუხს.
"როდესაც ამას იკადრებს რადიკალური ოპოზიცია, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ ნებისმიერ ასეთ უღირს საქციელზე ერთიანი და ძალიან მტკივნეული პასუხი იქნება. თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, რომ იუსტიციის სამინისტრო არის უწყება, რომელიც საქართველოს სახელით ფრონტის წინა ხაზზე, საერთაშორისო სასამართლოებში იცავს ჩვენს ღირსებას, ებრძვის რუსეთს და ამარცხებს. წლების შემდეგ თუ რამით იამაყებენ, ზუსტად იუსტიციის მინისტრის შვილები, იქნება მამამისის პირადი ღვაწლი ამ უდიდეს ეროვნულ საქმეში, რაც ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ ხდება," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.