14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
იუსტიციის სისტემა ამ ე.წ. ოპოზიციას არ აინტერესებს, საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, არსად ჩანან - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში იუსტიციის მინისტრის საათი ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა რატი ბრეგაძე ტრიბუნაზე უკვე ფრაქციების წარმომადგენლებმა და სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა ჩაანაცვლეს. ოპონენტები უკმაყოფილო არიან მინისტრის ანგარიშით და თვლიან, რომ ბრეგაძემ სისტემაში არსებულ ხარვეზებზე საკმარისად არ ისაუბრა, თუმცა მთავარი თემა ისევ მიხეილ სააკაშვილის საქმეა.

სხდომათა დარბაზში ოპოზიციის მხრიდან იუსტიციის მინისტრის პოლიტიკის მიმართ კრიტიკა ისმოდა.

"წერილობითი მტკიცებულება მაქვს, რომ იმ 9 წელში რომელზეც ასე საუბრობთ, არც ერთი საქმე არ გიწარმოებიათ სასამართლოში ადამიანის უფლების დასაცავად, არც ერთი დაზარალებულის ინტერესი არ დაგიცავთ არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ერთგან არსად არანაირი პროტესტი იმ მძიმე უფლებადარღვევების წინააღმდეგ არ გამოგიხატავთ," - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციას იუსტიციის სისტემა არ აინტერესებს. გარდა ამისა, მან ყურადღება გაამახვილა იუსტიციის სამინისტროს მიღწევებსა და მის პრიორიტეტებზე. 

"იუსტიციის სისტემა ამ ე.წ. ოპოზიციას არ აინტერესებს. იმ საკითხზე, სადაც იმუქრებოდნენ, რომ ქარიშხალს მოგვიწყობდნენ, არსად არ ჩანან და ხედავთ, რომ არა თუ ქარიშხალი, სიოც კი არ ქრის აქეთ მიმართულებით. ერთ-ერთ მთავარ წარმატებად სწორედ იუსტიციის სამინისტროს მუშაობისა, რადგან ერთი წლის ანგარიშს გვაბარებს დღეს იუსტიციის მინისტრი, მიგვაჩნია სტრასბურგში მიმდინარე საქმეების მოგება. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა არის რა თქმა უნდა, ციფრული უნივერსიტეტის, რომელიც მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს, რომლებიც პატიმრობაში არიან, აძლევს საშუალებას, რომ 5 უნივერსიტეტში მონაწილეობა მიიღონ სასწავლო პროცესში. დიახ, კონტრასტი ზუსტად ეს არის, რომ იყო წლები, როდესაც ოჯახები, მშობლები პენიტენციური დაწესებულების ჭიშკრებთან ელოდებოდნენ თავისი შვილების ამბავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მობილური იუსტიციის სახლის სერვისი, რომელიც ბატონი რატის მინისტრობის პირობებში იყო ინიცირებული, ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ტექნოლოგიური რეფორმები, რაც თუნდაც პრობაციაში გაკეთდა. ეს არის კონკრეტული საქმეები, რომელსაც რა თქმა უნდა, ოპოზიციის ტაქტიკა არის, რომ ეს ყველაფერი გადაფარონ ერთი ადამიანის ამბით და იმ ამბავშიც სრულიად ყალბები არიან," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

დღის ამბები