მთავრობა ხუდონჰესს გამოისყიდის. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
საკითხზე სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე პრემიერმა ლევან დავითაშვილმა ისაუბრა. პროექტზე მუშაობა სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით მომავალი წლიდან დაიწყება.
"შედგა შეთანხმება ინვესტორ კომპანიასთან და სახელმწიფომ დაიბრუნა პროექტი, რაც საშუალებას მოგვცემს, პროექტის განხორციელება დავიწყოთ 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით. ეს არის ჩვენი მიდგომა. ასეთი მნიშვნელოვანი, მსხვილი, ენერგეტიკული და სტრატეგიული პროექტები, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება მომავალში. ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგადად სისტემის გენერაციისთვის. მათ შორის არსებული "ენგურჰესის" მუშაობის ეფექტიანობის გაზრდისთვის. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ, პოზიტიურად გადაწყდა,"- აცხადებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი.