ვოლოდიმერ ზელენსკის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მმართველი გუნდის წევრები ეხმაურებიან. უმრავლესობის წევრებმა დღეს სააკაშვილის საქართველოში შემოსვლა და გადაღებული ვიდეოებიც გაიხსენეს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნა სპეცოპერაცია იყო.
"მისი ჩამოყვანა, სააკაშვილის გამოგზავნა კიდევ უფრო რომ დავაზუსტოთ, იყო სპეცოპერაცია და დღეს, სპეცოპერაციის ავტორებმა სპეცოპერაციის შემსრულებლის სასარგებლოდ უზრუნველყვეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაც კი. ეს არის მარტივი შეფასება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ომში ჩართვა იყო ამ სპეცოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, ამას შემთხვევით ხომ არ ვამბობთ, ფაქტებს ვიშველიებთ, მათ შორის, შემთხვევითი არ არის ამ განცხადებასთან თანხვედრაში ლოგიკურად შეიძლება განვიხილოთ უკრაინის რიგი მაღალჩინოსნების განცხადება, რომ ომის ხალხი არ არის საქართველოს ხელისუფლება, აი მიხეილ სააკაშვილი ამას გააკეთებდაო. დიახ, მათ აქვთ ეს მოლოდინი და სპეცოპერაციის დამგეგმავებმა ასევე უზრუნველყვეს, რომ უკრაინის პრეზიდენტიც კი გამოეხმაურა ამ ამბავს," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულისთვის ვინ გასამართლდება, ეს საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია.
"საქართველოს გადასაწყვეტია საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის გულისთვის ვის გაასამართლებს. ეს არის ჩვენი უფლება და ამ უფლებაში ნურავინ ჩაერევა, მათ შორის ნუ ჩაერევა ნურც ძვირფასი უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი. ის თუ გამოიძია მან და მისმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა, როგორ შემოიპარა კონტეინერით, ოდესის პორტის გავლით მისი ეკონომიკური საბჭოს მდივანი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად? იმისთვის, რომ დავადგინოთ, ვინ დაეხმარა მას, ყველა ეტაპზე უნდა ჩატარდეს გამოძიება. ზოგიერთი გამოძიებას ემალება, სააკაშვილი არ თანამშრომლობს, ხდება მუდმივად გადავადება სასამართლო პროცესებისა," - აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.