ხვალ ან გავიგებთ, რომ სააკაშვილის პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში, ან უნდა დავიწყოთ მოქმედება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა.
"ხვალ, 22 დეკემბერს, 11 საათზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება.
სასამართლო იმას კი არ წყვეტს, ვინ მტყუანია და ვინ მართალი, არამედ იმას, უნდა იცოცხლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თუ არა, აქვს მას სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, თუ ეს უფლბები ქვეყანაში საბოლოოდ გაუქმებულია.
მე არაერთხელ ვთქვი, რომ ვითვალისწინებთ დაცვის სტრატეგიას, რომ ველოდებით ვერდიქტს. ვამბობდი იმასაც, რომ ნეგატიური გადაწყვეტილების შემთხვევაში ვერაფერი დარჩება ძველებურად.
მაგრამ დრო არ ითმენს, პროცესმა მიიღო იმგვარი სახე და ისე გაიწელა, რომ საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს არა მხოლოდ ნეგატიური გადაწყვეტილება, არამედ დადებითიც - თუ იგი დროულად არ იქნა გამოტანილი! არადა თავისუფლად არის შესაძლებელი პროცესის წლის ბოლომდე დასრულება!
ყველა ვხედავთ როგორ ხდება პროცესის მიზანმიმართულად გაჭიანურება. გამომდინარე აქედან, ვითხოვთ გონივრულ ვადაში დასრულდეს პროცესი- მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობისა და მკურნალობის გადაუდებელი აუციელბლობის გათვალისწინებით.
შესაბამისად, ან ხვალ ყველა ერთად გავიგებთ, რომ პროცესი დასრულდება გონივრულ ვადაში ან ყველამ, ვისაც გვაქვს სახელმწიფოებრივი და ჰუმანური პოზიცია უნდა დავიწყოთ მოქმედება და გავაკეთოთ ყველაფერი - რაც შეგვიძლია და რაც არ შეგვიძლია - შესაძლებლობების ზღვარზე და მის მიღმაც!
ყველას გვახსოვს 1993 წლის დეკემბერში დატრიალებული ტრაგედია, რომელმაც
გადაწყვიტა არა მხოლოდ ერთი ადამიანის, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ბედი, არამედ ქვეყნის შემდგომი უბედობა!
ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს არჩევანი, რომელიც შეიძლება სულ მალე აღარ გვქონდეს!
ჩვენ არ უნდა დავუშვათ არ გვქონდეს არჩევანი, არ უნდა დავუშვათ მოკლული იქნას საქართველოს მესამე პრეზიდენტი მინდა ყველამ მკაფიოდ გაიგოს და კარგად შეიგნოს, გამოვიყენებთ ყველა კონსტიტუციურ მეთოდს ამისათვის,"- აცხადებს მელია.