ქვეყანას ახალ წლამდე ახალი სახალხო დამცველი არ ეყოლება. კონსულტაციები მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულდა. დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე დაგეგმილ ფორმალურ კენჭისყრაზე ომბუდსმენობის კანდიდატებს მმართველი გუნდის მხრიდან ნულოვანი მხარდაჭერა ექნება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ განხილვები იანვარში თავიდან დაიწყება.
"ჩვენი პრინციპი მდგომარეობდა იმაში, რომ ავირჩიოთ და ჩვენს საზოგადოებას ჰყავდეს სახალხო დამცველი, რომელიც იქნება მიუკერძოებელი და რომელიც იქნება კვალიფიციური. პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები ამ კრიტერიუმებს არ ეყრდნობიან.
ისინი პრაქტიკულად ულტიმატუმის ენით გვეუბნებიან, რომ ან ავირჩევთ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და თუ ასე არ იქნება სხვა კანდიდატებს მხარს არ დავუჭერთ. ეს არის არაჯანსაღი პროცესი, ამიტომ ვერცერთი კანდიდატი ვერ იქნება მხარდაჭერილი,"-აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
ოპოზიცია მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებლობას სრულად მმართველ გუნდს აკისრებს.