ეკონომიკური და სავაჭრო მიმართულებები, განახლებადი ენერგიები, სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი - ეს იმ სფეროების არასრული ჩამონათვალია, რაზეც საუდის არაბეთში გამართული შეხვედრის დროს საქართველოსა და მასპინძელი ქვეყნის პრემიერებმა ისაუბრეს. შეთანხმება მიღწეულია ერთიანი ბიზნესსაბჭოს ჩამოყალიბების საკითხზეც. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველო მხარს დაუჭერს რიადის კანდიდატურას, უმასპინძლოს 2030 წლის მსოფლიო ექსპოს. შეხვედრაზე საუბარი იყო ტურიზმის განვითარებაზე. თქვეს, რომ პარტნიორობის გაძლიერება მნიშვნელოვანია კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.
ოფიციალური აუდიენციების შემდეგ, ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. შეხვედრების შინაარსსა და შეთანხმებებზე ინფორმაცია გაავრცელა როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე საუდის არაბეთის მხარემ.
ერთობლივ განცხადებამდე იყო ალ იამამის სასახლეში ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ცერემონია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არაბ კოლეგასა და სამეფოს ტახტის მემკვიდრესთან შეხვედრისას ისაუბრა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ სატრანზიტო ჰაბზე. მასპინძელი ქვეყანა მზად არის, უფრო აქტიურად აითვისოს საქართველოს პოტენციალი.
შეხვედრების შემდეგ საუდის არაბეთში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილმა twitter-ში დაწერა. პრემიერი აცხადებს, რომ მხარეებმა საერთო ინტერესების კონტექსტში პარტნიორობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ქალაქ ერ-რიადიში იმყოფებოდა ვიცე-პრემიერიც. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საუდის არაბეთში პრემიერის ჩასვლა შეიძლება შეფასდეს, ქვეყნისთვის განსაკუთრებულ, ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ვიზიტად. დღეს ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრა გამართა არაბ კოლეგასთანაც, სადაც მთავარი თემა ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები იყო.
პრემიერ-მინისტრმა საუდის არაბეთის სამეფოში მშენებარე რეგიონის - ნეომის პროექტი დაათვალიერა. ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ქალაქის მშენებლობის მიმდინარეობისა და პროექტის დეტალების შესახებ ინფორმაცია საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა წარუდგინა. ნეომი მშენებარე რეგიონია საუდის არაბეთში, ტაბუკის პროვინციაში, რომლის სიგრძეც 170 კილომეტრია.
პროექტით გათვალისწინებულია 460 000 სამუშაო ადგილის შექმნა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 48 მილიარდი დოლარით გაზრდა. ქალაქში გათვალისწინებულია სამუშაო, საცხოვრებელი და დასასვენებელი ადგილები.
ფუტურისტულ, ხაზოვან ქალაქს არ ექნება გზები, არ ივლის მანქანები, არ იქნება გამონაბოლქვი და იმუშავებს 100 პროცენტით განახლებადი ენერგიით.
ირაკლი ღარიბაშვილმა დელეგაციასთან ერთად, დაათვალიერა ძველი ქალაქი დირიაც. მოინახულა პირველი იმამის სალვა-სასახლე, ატ ტურაიფის კომპლექსი, სადაც პირველი მმართველები ცხოვრობდნენ. დამფუძნებელი მეფის აბდულაზიზ ალ საუდის სახელთან დაკავშირებული არაბული ცხენების მუზეუმი.
საუდის არაბეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება ადგილობრივი მედია. "საუდი გაზეტი" წერს, რომ "ტახტის მემკვიდრემ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს. ოფიციალურ ვიზიტზე ინფორმაციას აქვეყნებს საუდის არაბეთში არსებული ყველაზე დიდი ინგლისურენოვანი გამოცემაც. "არაბ ნიუსი" წერს, რომ პრემიერ-მინისტრების შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობისა და საერთო ინტერესების გაღრმავების საკითხები. ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი გააშუქა ყველა არაბულმა მედიასაშუალებამ.
საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად ალ იამამის სასახლეში ოფიციალური ვახშამიც გაიმართა. ირაკლი ღარიბაშვილმა პრინცი მოჰამედ ბინ ალ საუდი საქართველოში მოიწვია. ქართულმა დელეგაციამ ქალაქი ერ-რიადი უკვე დატოვა. რიადის მეფე ხალიდის სახელობის საერთაშორისო აეროპორტიდან, მთავრობის მეთაური რიადის გუბერნატორის მოადგილემ და საუდის არაბეთის სამეფოს ეკონომიკისა და დაგეგმვის მინისტრმა გააცილა.