14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
ქვეყანას ახალი ომბუდსმენი გაზაფხულამდე არ ეყოლება - პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე სახალხო დამცველი ვერ აირჩია

პარლამენტმა სახალხო დამცველი ვერ აირჩია. ფორმალური კენჭისყრის შედეგებით, რამდენიმე კანდიდატმა მხოლოდ რამდენიმე ხმა მიიღო. საჭირო 90 ხმის მობილიზებისთვის ახალი პროცედურებიც და პოლიტიკური კონსულტაციებიც უშედეგოდ დასრულდა. ევროკომისიის ამ რეკომენდაციის შეუსრულებლობაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

სხდომას დღეს ბოიკოტი გამოუცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ". პოლიტიკური კონსენსუსის არ არსებობის გამო კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია არც "ქართულ ოცნებას". მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობისთვის პროცესის მიმართ ოპონენტების დამოკიდებულებაა, რაც მათი მხრიდან ულტიმატუმად შეფასდა.

როგორ შეძლებს პარლამენტი ყველასთვის მისაღები კანდიდატის შერჩევას? - ერთხელ უკვე ჩაგდებული პროცესი პარტიებისთვის იმის მანიშნებელია, რომ პოლიტიკური შეთანხმება ახლა უფრო რთული იქნება.

"ქართულ ოცნებაში" დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რატომ არ დაუჭირეს მხარი ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატებს. პოლიტიკური მიკერძოება მმართველი გუნდის მთავარი არგუმენტია. უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ მათი ოპონენტების ნაწილი საკუთარ გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი არ ყოფილა.

ახალი სახალხო დამცველის არჩევას პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე შეეცდება, თუმცა არა იმ წესის გამოყენებით, რომლითაც 19 კანდიდატი შეირჩა. ომბუდსმენთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს შორის ახალი კონსულტაციები დაანონსდა.

დღის ამბები