ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დახურულ ფორმატში შეხვედრას მართავენ.
შეხვედრას სამართლის, სამხედრო და საერთაშორისო საკითხების ექსპერტები ესწრებიან. მხარეები მსჯელობენ სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას.
ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება უნდა იყოს მთავარი ინსტრუმენტი რუსეთის წინააღმდეგ.
"ჰააგის პროკურორის ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს ერთ- ერთი მთავარი ინსტრუმენტი ახლა საქართველოს საგარეო ფრონტზე. უნდა გვეჭიროს ხელში და ყველა საერთაშორისო ფორმატში ამას უნდა ვიყენებდეთ რუსეთის წინააღმდეგ.
პირველ რიგში, რაც უშუალოდ გამომდინარეობს პროკურორის გადაწყვეტილებიდან არის ის, რომ უნდა ვითხოვდეთ რუსეთისგან იმ ადამიანების გადაცემას, რომელთა პასუხისმგებლობაც დააყენა პროკურორმა ჰააგის სასამართლოზე. ცხადია ამას ქართული ოცნება არ აკეთებს, მათ შორის ქვეყნის ინტერესების დაზიანების გზით. არ აკეთებს იმის გამო, რასაც ჰქვია რუსეთი არ უნდა გავაღიზიანოთ პოლიტიკა,"-აცხადებს პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე.