ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია და გიორგი ვაშაძე ჰააგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დახურულ ფორმატში შეხვედრას მართავენ.
შეხვედრას სამართლის, სამხედრო და საერთაშორისო საკითხების ექსპერტები ესწრებიან. მხარეები მსჯელობენ სასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე და იმ ნაბიჯებზე, რომელიც სახელმწიფომ უნდა გადადგას.
როგორც საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე აცხადებს, მნშვნელოვანია რომ მოხდეს იმ ადამიანებისთვის ზიანის ანაზღაურება, რომლებიც საქართველოში რუსული აგრესიის შედეგად დაზარალდნენ.
"რატომ არ არის წაყენებული ბრალი?! ეს იყო საქართველოს პროკურატურის ვალდებულება და კითხვას გასცენ პასუხი, თუ ისინი არ ემსახურებიან რუსულ ინტერესებს საქართველოში, რატომ არ წაუყენეს ბრალი რუსულ მხარეს?! და რაც ყველაზე მთავარია, რაზეც პარალელურად ვმსჯელობთ- ეს არის რეპარაცია. მილიარდობით ზიანი, რომელიც მიიღეს ქართველებმა, რომლებიც გამოყარეს ოჯახებიდან, როგორც 2008 წელს, ისე 90-იან წლებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მათი ზიანის ანაზღაურება,"-აცხადებს გიორგი ვაშაძე.