14 ნოემბერი 2024,   21:23
ვრცლად
ვესაუბრე ექიმებს და მდგომარეობა იმ ეტაპზეა, რომ შეიძლება დადგეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, ამიტომ მნიშვნელოვანია შეწყვიტოს შიმშილობა - შალვა პაპუაშვილი ანა წითლიძეზე

შიმშილობის მე-12-ე დღე - პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძე მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს. ექიმების განცხადებით, დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნებისმიერ დროს შეიძლება დამძიმდეს. სამედიცინო პერსონალის არაერთი მოწოდების მიუხედავად, ანა წითლიძე პროტესტის უკიდურეს ფორმას არ ცვლის.

მას შიმშილობის შეწყვეტისკენ პარლამენტის თავმჯდომარეც მოუწოდებს. შალვა პაპუაშვილი მოშიმშილე დეპუტატს შეხვდა, რის შემდეგაც სპიკერი სამედიცინო პერსონალსაც გაესაუბრა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი მთლიანად სასამართლოს გადასაწყვეტია.

"მე ვესაუბრე ექიმებს და მდგომარეობა არის იმ ეტაპზე მისული, რომ შეიძლება ამის იქით დადგეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება. ამიტომ მნიშვნელოვანია შეწყვიტოს შიმშილობა.

მის მოთხოვნას რაც შეეხება, ამ საკითხს წყვეტს სასამართლო. ულტიმატუმის წაყენება სასამართლოსთვის არ არის ის ფორმა, რომლითაც სამართლიან სახელმწიფოში უნდა ხდებოდეს საკითხების გადაწყვეტა. ამიტომ ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, თანაგუნდელებმაც მას[ანა წითლიძე] აქეთკენ მოუწოდონ და სთხოვონ, რომ შეწყვიტოს შიმშილობა," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

დღის ამბები