საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ელჩების კონფერენციაზე არ დასწრების ფაქტზე შეფასებები კეთდება ოპოზიციურ სპექტრში.
"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, მსგავსი დისკურსი პროვინციულია.
"პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ რაც ხდება ქვეყანაში იმის ნათელი გამოსახულებაა ეს რაღაცა სკამისთვის დავა, სად უნდა დაიდგას სკამი, ვინ სად უნდა დაჯდეს; პროვინციული დისკურსი, ამაზე უფრო დაბალი დონის, ჩემი აზრით, არ შეიძლება რამე იყოს ქვეყანაში. ესენი რას არიან ჩაჭიდებული, ვინ წინ შევა, ვინ უკან და ვინ ვის რაში დაასწრებს, ეს არის უბედურება, რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ამ უბედურებას უნდა დასასრული," - თქვა ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის რომან გოცირიძის თქმით, "ქართულ ოცნებას" ეშინია ზურაბიშვილის გამოჩენის, რადგან ის აკეთებს სწორ განცხადებას უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე.
"ეშინიათ სალომე ზურაბიშვილის გამოჩენა, ვინაიდან ის აკეთებს სწორ განცხადებას უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების და რუსეთის აგრესიის შესახებ. დაგროვდა ეს როგორც ჩანს და პროტოკოლური, ასე ვთქვათ ამბავი, შეიძლება იყო ბოლო წვეთი, რომელმაც იფეთქა. ყველანაირად უნდათ დაამცირონ, ეწევიან მის ბულინგს, უნდათ რომ მაქსიმალურად გაანეიტრალონ იგი და არ იყოს პოლიტიკურად აქტიური," - განაცხადა გოცირიძემ.
"ხალხის ძალის" წევრი, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის შეხვედრაზე არ დასწრების არგუმენტის არავის სჯერა და ეს ფაქტი პირველ რიგში თავად ინსტიტუტის შეურაცხყოფაა.
"ბავშვსაც არ სჯერა ის მიზეზი, რომელიც პრეზიდენტმა დაასახელა, რომ ვინმეს წარმოუდგენია, რომ მივიდოდა საქართველოს პრეზიდენტი ამ შეხვედრაზე და იქ სკამს არ დაუდგამდნენ საქართველოს პრეზიდენტს და ფეხზე მოუწევდა დგომა? ეს ვინმეს სჯერა საქართველოში? - არავის არ სჯერა, ამიტომ რაღაცა რეალური მიზეზი მაინც მოეგონებინა ხომ? ასეთ სერიოზულ შეხვედრაზე პრეზიდენტის მიუსვლელობა ჯერ ერთი, თავად ამ პრეზიდენტის ინსტიტუციას აყენებს შეურაცხყოფას და მერე იმ ამომრჩეველს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი აირჩია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სამწუხაროა ეს ფაქტი, მაგრამ საქართველოს სახელმწიფოს დღეს აქვს გაცილებით დიდი გამოწვევები, რასაც საზოგადოების მხარდაჭერით ჩვენ გავდივართ და ვუმკლავდებით, ძალიან სამწუხაროა ფაქტი მაგრამ ამით არაფერი არ დაშავებულა," - ამბობს მაჭარაშვილი.