უკვე მეორე დღეა პოლიტიკური დისკუსიის საგანია პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ დასწრებოდა ელჩების კონფერენციას. პროტოკოლის დარღვევის არგუმენტით ბოიკოტი გაუმართლებელია მმართველი გუნდის წევრებისთვის - პრეზიდენტზე ზეწოლის შესახებ საუბრობს ოპოზიციის ნაწილი, მაგალითად "ნაციონალურ მოძრაობაში" მიაჩნიათ რომ განსხვავებული პოზიციების გამო "ქართული ოცნება" ცდილობს შეავიწროოს სალომე ზურაბიშვილი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლის კობახიძის თქმით, ვიღაცები ცდილობენ "ქართული ოცნება" პრეზიდენტთან კინკლაობაში ჩაითრიონ, რასაც მმართველი გუნდი არ აპირებს.
"პროტოკოლებმა უნდა დაალაგონ ერთმანეთში რაღაცები და როდესაც ერთ პროტოკოლს ერთი აზრი აქვს, მეორე პროტოკოლს მეორე აზრი აქვს, მითუმეტეს მე რაც ვიცი იქ რაიმე განსაკუთრებული სირთულე და განსაკუთრებული გამოწვევა საერთოდ არ იყო, სკამების დალაგებაში თუ რაშიც იყო. ვიღაცები ცდილობენ რომ ჩვენი გუნდი ჩაითრიონ კინკლაობაში პრეზიდენტთან, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ," - თქვა კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვანი შეხვედრის ასეთ დეტალებამდე დაყვანა სწორი არ არის.
"მოვისმინე სხვადასხვა განმარტებები ამასთან დაკავშირებით და ისეთი დეტალებია სიმართლე გითხრათ რთულია ამაზე საუბარი. ერთადერთი რამეა რომ ჩემთვის პირადად, იცით რომ მონაწილეობა მივიღე ამ ამბასადორიალში, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო უპირველეს ყოვლისა შევხვედროდი ჩვენი ქვეყნის ელჩებს სხვა ქვეყნებში, მეთქვა ჩემი სათქმელი, მომესმინა მათი სათქმელი და ინფორმაცია, ამიტომ აქ ასეთ დეტალებზე და ასეთ საკითხებზე დაყვანა ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის მე მგონი არ არის სწორი," - განაცხადა პაპუაშვილმა.