14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
მხარდაჭერა უკრაინას, პირობა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მალე მიიღებს, უმუშევრობის ისტორიული მინიმუმი - პრემიერ - მინისტრმა წლიური ანგარიში წარადგინა

ქვეყნის გამარჯვება გამოწვევებით სავსე რეალობაში - პრემიერის შეფასებით, ხელისუფლების სწორმა პოლიტიკამ და ეროვნული ინტერესების დაცვამ განაპირობა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროპის კონტინენტზე საბრძოლო მოქმედებები, გლობალურ პოლიტიკურ არქიტექტურას საფრთხეს უქმნის. წლიური ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და მათ ომის სწრაფად დასრულება უსურვა.

რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება ნომერ პირველი პრიორიტეტია. პრიორიტეტია ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაშიც და ეს ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, არ არის გადაჭარბებული შეფასება, რადგან ქვეყნის გამთლიანების შემთხვევაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში 10 მილიარდის ინვესტიციის განხორციელება შეუძლია.

გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. საქართველოს ევროკავშირმა ჯერჯერობით ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, თუმცა ეს მთავრობის მეთაურის განმარტებით, ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური და არა დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება იყო. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოსთვის პერსპექტივის მინიჭებას, პრემიერი ისტორიულად აფასებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში გატარებული წარმატებული რეფორმები ევროპულ ინტეგრაციას დააჩქარებს.

პოლიტიკურ სტაბილურობასთან ერთად ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. პანდემიის შემდეგ საქართველოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი მთავრობის ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა და თქვა, რომ სწორედ მისი პრემიერობის პერიოდში, ქვეყნის ეკონომიკა 30 მილიარდი ლარით იზრდება.. სიღარიბის დონის შემცირება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტად რჩება.

წლიური ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს ამბიცია შეიძინოს ენერგოჰაბის სტატუსი. გეოგრაფიული მდებარეობა და პოლიტიკური ნება- ამ მოცემულობის სწრაფად განხორციელების წინაპირობაა. ამ კონტექსტში მთავრობის ხელმძღვანელმა, ბუქარესტში, ხელმოწერილი შეთანხმება ახსენა. პროექტის საშუალებით საქართველო ევროკავშირის ბაზარს პირდაპირ დაუკავშირდება.

ენერგორესურსების დივერსიფიცირებისა და ახალი მარშრუტების განხორციელების ფონზე, საქართველოს როგორც ენერგო კორიდორის ფუნქციას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მთავრობის მეთაურის თქმით აუცილებელია, რომ გამართული იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა - რკინიგზა და პორტები. 100 მილიონი დოლარი უკვე გამოყოფილია და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი 2024 წელს დასრულდება. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებითაც.

ანაკლიის პორტის მშენებლობის გარდა, მთავრობა კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას გეგმავს. ანგარიშის წარდგენისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ უახლოეს მომავალში განიხილება კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, საქართველოს როგორც ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ციფრული კორიდორის მიმართულებით. პრემიერმა მომდევნო წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე და ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვით ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ხელფასები 20 ხოლო საჯარო უწყებებში დასაქმებულებს - 10 პროცენტით გაეზრდებათ.

დღის ამბები