"ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სახელმწიფოს 800 მილიონ დოლარს ედავება. ამის შესახებ ჯაფარიძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
მისი განცხადებით, ყველაფრის მიუხედავად, კონსორციუმის მთავარი მიზანი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაა.
"დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ მოახდინა 75 მილიონი დოლარის ექსპროპრიაცია, ანუ წაართვა ინვესტორებს ფული. რეაქცია ამაზე ერთადერთი შეიძლება იყოს წახვიდე სასამართლოში, სხვა გზა არ არსებობს კონსორციუმისთვის. ეს არის სადაო თემა, როდესაც ზიანი მიიღეს ინვესტორებმა, ამას მიიჩნევენ საერთაშორისო კომპანიები და 800 მილიონი დოლარის ზიანი იქნა განსაზღვრული, რომელიც მიიღეს ინვესტორებმა. კონსორციუმი დღეს 800 მილიონ დოლარს ედავება სახელმწიფოს მიყენებულ ზიანზე. ეს დათვლილი იქნა არა ინვესტორების მიერ, არამედ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის და იურიდიული კომპანიების მიერ, მაგრამ კონსორციუმის მიზანი ის კი არ არის რომ სახელმწიფოს მოუგოს ეს დავა, კონსორციუმის ამოცანაა აიძულოს სახელმწიფო დაუბრუნდეს შეთანხმებას და მისცეს საშუალება კონსორციუმს რომ დაამთავროს პორტის მშენებლობა. მთავარი ამოცანა კონსორციუმისთვის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენებაა," - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.