სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით "ნაციონალურ მოძრაობაში" გაჩენილ უთანხმოებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ეხმიანება. ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ თორნიკე რიჟვაძემ ენმ-ს ლიდერების ნაწილს მკვლელები, მეორე ნაწილს კი პოტენციური მკვლელები უწოდა.
მისივე თქმით, ამ ტიპის დამნაშავეებთან არც "ქართული ოცნების" და არც საზოგადოების მხრიდან კომპრომისი არ იქნება.
"ნაცმოძრაობის ლიდერების დიდი ნაწილი არის ჩვეულებრივად მკვლელები და დიდი ნაწილი არის პოტენციური მკვლელები, ბოროტმოქმედები და ისინი დრო და დრო ასეთი პირსისხლიანი განცხადებებით საზოგადოებას შეახსენებენ თავს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამ ტიპის დამნაშავეებთან არანაირი კომპრომისი არც ჩვენი მხრიდან და არც საზოგადოების მხრიდან არ იქნება," - აცხადებს თორნიკე რიჟვაძე.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ გირგვლიანის "არასწორ საქციელზე" ისაუბრა და დამნაშავე ყოფილი მაღალჩინოსნები მორალურად გაამართლა. ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრთა ნაწილმა გააკრიტიკა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც დუმბაძის მოსაზრებას მხარი დაუჭირეს.