სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დილიდან შეფასებების თემაა თბილისში. მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, შეიწყალებს თუ არა მიხეილ სააკაშვილს.
მიზანმიმართული ზეწოლა პრეზიდენტზე - ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან გამართული აქცია. მან ხელისუფლებაც გააკრიტიკა.
"რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილს გუშინ გამართულ ბრიფინგზე მეტის გაკეთებაც შეეძლო.
"სალომე ზურაბიშვილს გუშინდელ ბრიფინგზე მეტიც შეეძლო გაეკეთებინა. მე არ გავაკრიტიკებ, პირიქით, ვურჩევ რომ არის ღირსეული წინაპრების შთამომავალი, თუნდა დაიმკვიდროს ადგილი მათ გვერდით, უნდა გადადგას სერიოზული ნაბიჯი თანხმობისკენ და ეს იქნება მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლება," - საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი პაატა მანჯგალაძე.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტზე ზეწოლა მიმდინარეობს და რომ ის, სააკაშვილის შეწყალებას არც აპირებდა.
"ორივე მხარე ძალიან აგრესიულად და უსამართლოდ სთხოვს იმის გაკეთებას, რის გაკეთებასაც ის არ აპირებდა ჩემი აზრით. დღეს პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ცალსახად არ ნიშნავს, რომ ის ხვალვე დატოვებს საპატიმროს იმიტომ, რომ არის მიმდინარე საქმეები. მიუხედავად ამისა, რომ ასეთი დაჟინებით ხდება აქციებზე მოთხოვნა შეწყალების, ეს არის ზეწოლა, რომელიც არ არის გათვლილი კონკრეტულ შედეგზე და გათვლილი არის პოლიტიკურ აქტიურობაზე," - აცხადებს ლევან იოსელიანი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ არავინ არავის გათავისუფლებას არ აპირებს.
"დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პრეზიდენტი მივიდა მომიტინგეებთან და რა გინდათ, გამაგებინეთ, მე ხომ არაფერს არ ვაშავებო - ამ ტონალობით, და ასეთი ტონალობა მე არ მაფიქრებინებს იმას, რომ ვინმე ვინმეს გათავისუფლებას აპირებს. მე არ მჯერა, რომ მარტო ქალბატონი სალომეს მცდელობით შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გამოვიდეს გარეთ," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.