14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ვინ როგორ განმარტავს დიპლომატიურ ტერმინს "დემარში" - "ღამის კურიერში", ხატია დეკანოიძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, დღეს, ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა

ვინ როგორ გაიგო დიპლომატიური ტერმინის დემარშის განმარტება? ღამის კურიერში ხატია დეკანოიძის მიერ გაჟღერებულმა ინფორმაციამ, რომ ევროპელი ელჩები იუსტიციის მინისტრთან სააკაშვილის თემასთან დაკავშირებით დემარშით მივიდნენ, დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ურთიერთბრალდებების საფუძველი გახდა.

სიტყვა, რომელსაც "ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გულისხმობს, ორი დღის განმავლობაში თავად მან რამდენჯერმე ახსენა. 

დამატებითი კითხვები აქვს ხატია დეკანოიძესთან "ხალხის ძალის" წევრს. დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ელჩების იუსტიციის მინისტრთან სტუმრობა დემარში არ არის.

ხატია დეკანოიძის მსგავსად, დიპლომატიური კორპუსის იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, დემარშის ტოლფასია "ლელოს" წევრ სალომე სამადაშვილისთვის. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი სამინისტროში გუშინ გამართული აუდიენციის შესახებ მხოლოდ ის თქვეს, რომ ევროპელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის საკითხის გადაჭრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.

სამინისტროში გამართული საინფორმაციო ხასიათის შეხვედრის დემარშად მონათვლა, სპეკულაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა მმართველი გუნდის წევრებისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ოპოზიცია მორიგ ჯერზე ცდილობს დეზინფორმაციის საშუალებით მიხეილ სააკაშვილის საკითხის გააქტიურებას.

იუსტიციის სამინისტროში გამართული შეხვედრის შესახებ, თავად სამინისტრომ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია რომ , დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ სისტემაში მოთავსების დღიდან მისი პირობების, მკურნალობისა და მის მიმართ მოპყრობის თაობაზე. უწყებაში აღნიშნეს, რომ მაქსიმალური გამჭვირვალობა პრიორიტეტია და მომავალშიც მოხდება საკითხის შესახებ საზოგადოებისა და ყველა დაინტერესებული პირის ინფორმირება.

დღის ამბები