არასერიოზული და კომიკური - ასე პასუხობენ "ნაციონალური მოძრაობის" ახალი თავმჯდომარის შეთავაზებას ადრესატები. მმართველი გუნდი ლევან ხაბეიშვილს შეახსენებს, თუ რისთვის მიენიჭა ამ პოლიტიკურ ძალას საპარლამენტო და საკრებულოს მანდატები. "ქართული ოცნება" ხაბეიშვილს ურჩევს ამომრჩევლის მიერ მიღებული ნდობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი არ გახადოს.
მელიას გუნდი, უკვე ძველი მენეჯმენტი ახლად არჩეულ თავმჯდომარეს ურჩევს, გადაწყვეტილებები პარტიასთან კონსულტაციის შედეგად მიიღოს.
ჯერ კიდევ თანაპარტიელების და მთავარი ოპონენტების კრიტიკას "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე არ იღებს. მოწინააღმდეგეებზე ამბობს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან მსჯელობენ. საკუთარ გადაწყვეტილებაზე კი თვლის, რომ საკმარისი არგუმენტები წარმოადგინა.
ხაბეიშვილის გადაწყვეტილებამ, პარლამენტში ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარის გარეშე დატოვა. ჯერ უცნობია ვინ შეცვლის ახალი თავმჯდომარის გუნდიდან ხატია დეკანოიძეს. არ არის გამორიცხული საპარლამენტო თანამდებობა ლევან ბეჟაშვილმა ჩაიბაროს.
პარტიული თანამდებობების საკუთარი ნებით დატოვების პარალელურად "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონულ ოფისებში მოსალოდნელ საკადრო წმენდაზე საუბრობენ. წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდის ადმინისტრატორი, ამბობს, რომ სოციალურ გვერდზე წვდომა შეუზღუდეს. გიორგი გაბელია ამის მიზეზად არჩევნებზე მელიას მხარდაჭერას ასახელებს. გაბელიას თქმით, ე.წ წმენდის პროცესით კეზერაშვილის ნათესავი და ნდობით აღჭურვილი პირი, დიმიტრი ჩიქოვანია დაკავებული.
ის რაც ახლა "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება ერთმანეთზე პოლიტიკური შურისძიებაა მმართველი პარტიისთვის. საპარლამენტო უმრავლესობა ხაბეიშვილის განცხადებებს პოპულიზმს უწოდებს და მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ახალ თავმჯდომარეს კულისებიდან მერაბიშვილი-კეზერაშვილი მართავენ.
"ნაციონალურ მოძრაობაში" მელიას გუნდი ხაბეიშვილის ფრთამ თითქმის სრულად ჩაანაცვლა. მელიას მხარდამჭერები პარტიული პოსტების დატოვების შემდეგ ოფისში აღარც კი გამოჩენილან. თუმცა, "ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს მერაბიშვილ-კეზერაშვილთან დაახლოებული ყოფილი მაღალჩინოსანი ზაზა გოროზია უკვე ღიად მივიდა.