"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ბაჩო დოლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში პარტიაზე მერაბიშვილი-კეზერაშვილის გავლენების შესახებ ისაუბრა.
დოლიძე აცხადებს, რომ იგი "ნაციონალურ მოძრაობაში" არა კეზერაშვილთან და მერაბიშვილთან თანამშრომლობისთვის, არამედ იმიტომ არის რომ ეს არის პარტია, რომელსაც ქვეყანაში ცვლილებების მოტანა შეუძლია.
"ჩვენ არც ვაგრძელებთ ამ კონკრეტულ ადამიანებთან [მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან] თანამშრომლობას. მე ამ პარტიაში ვარ არა იმიტომ რომ ვეთანამშრომლო მერაბიშვილს ან სხვას, მე ვარ ამ პარტიაში იმისთვის, რომ ეს არის პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ცვლილებების მოტანა, მე ასე მჯერა ჩემს ძალიან ბევრ თანამებრძოლთან და მეგობართან ერთად. შესაბამისად, ის რომ მე ვდგავარ რაღაც კონკრეტულ პოზიციაზე და ჩემი მეგობრები სხვა პოზიციაზე, ამ მოცემულობას საერთოდ არ ცვლის, უბრალოდ პატივი უნდა ვცეთ ჩვენ ჩვენს შეხედულებებს.
თქვენ ნახეთ, რომ იმ პოზიციას, რომელსაც მე ვაჟღერებდი, თუნდაც არჩევნების შედეგების შემდეგ არცთუ ისე ცოტა ადამიანი იზიარებს, მაგრამ მთავარი მოტივაცია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რამაც ამდენი ადამიანი ამ პარტიაში მოგვაქცია არის ის, რომ ყველას გვინდა ნორმალურ, ცივილურ საქართველოში ცხოვრება. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით ჩვენ ერთიანები უნდა ვიყოთ, ჩვენ ძალიან სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ნაცვლად იმისა რომ თავს ვესხმოდეთ ერთი მეორეს - პირიქით, 2 დღეა მხოლოდ და მხოლოდ ვსაუბრობ ძალიან პოზიტიურ ჭრილში, ყველანაირად ვცდილობ რომ ლევანს ხელი არ შეეშალოს იმ გადაწყვეტილებებში, ამ უახლოეს დღეებში, თუკი კონკრეტული რაღაც მოქმედება იქნება და ამ მოქმედების მონაწილე ვიქნები, რა თქმა უნდა და ამ ყველაფერს ველოდები ლევანისგან," - განაცხადა დოლიძემ.