ბრიუსელში გამართულ დებატებს პოლიტიკური სპექტრი აფასებს. შეფასებებს აკეთებენ მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წევრები. ოპოზიციის შეფასებით, საერთაშორისო ზეწოლა მნიშვნელოვანია, თუმცა არ გამორიცხავენ იმასაც, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის არსებობდეს გარკვეული სახის შეთანხმებები.
კერძოდ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრს ჰერმან საბოს აქვს მოლოდინი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ექსპრეზიდენტს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ.
"ევროპარლამენტარებს ვეთანხმები ერთ საკითხში, რომ ნამდვილად ერთ ადამიანს არ უნდა გადავაყოლოთ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ჩვენი სახე, როგორც ჰუმანური და წესიერი საზოგადოებისა. თუ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებობს შეთანხმება და "ნაციონალური მოძრაობის" შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა, რომ თავიანთი ლობი გაეძლიერებინათ საზღვარგარეთ და იქ ვიღაცებისთვის ეთქმევინებინათ, რომ აი, მიშა რა ცუდად არის და იქ მისი ფოტოები ეფრიალებინათ, მაშინ ხომ შეიძლება რაღაც პერიოდის შემდეგ, შესაძლოა მმართველმა პარტიამ რაღაც პაუზა აიღოს, რომ ასე პირდაპირ განჭვრეტადი არ იყოს, რომ შეთანხმების ფარგლებში გაუშვა მე-3 პრეზიდენტი. მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ველოდები, რომ მას გადაიყვანენ საზღვარგარეთ,"-აცხადებს ჰერმან საბო.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ დღეს დებატები გაიმართა. დებატს მხოლოდ ამ საკითხით დაინტერესებული დეპუტატები ესწრებოდნენ. დებატები დაიწყო კომისიის და საბჭოს წარმომადგენლების სიტყვით გამოსვლით. საბჭოს და კომისიის ძირითადი გზავნილი იყო, რომ ევროსტრუქტურები ადევნებენ თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და ამბობენ, რომ უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი, როგორც პატიმრის ჯანმრთელობა. მომავალი კვირიდან პოლიტიკური ჯგუფები დაიწყებენ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობას, რომელსაც ევროპარლამენტი კენჭს სტრასბურგში, მომავალ სესიაზე უყრის.