14 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
ოპოზიციის ნაწილი ზურაბ აბაშიძის საგარეო კომიტეტში დაბარებას ითხოვს

ოპოზიციის ნაწილი ზურაბ აბაშიძის საგარეო კომიტეტში დაბარებას ითხოვს. საუბარია იუთუბ არხ "კიბერ კმარაზე" გავრცელებულ გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის სატელეფონო საუბარზე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ისეთ პროექტებს ახორციელებს, რასაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს პუტინის რეჟიმისთვის.

"ჩვენ გუშინ ვიხილეთ და მოვისმინეთ როგორ აძლევს დავალებას რუსეთის ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად წარმომადგენელს. ჩვენ გვყავს დღეს ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მითითებით შლის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებს ჩვენი ქვეყნისთვის და დასავლეთისთვის, მაგრამ ახორციელებს იმ პროექტებს, რომელთაც აქვთ სტრატეგიული მნიშვნელობა პუტინის რეჟიმისთვის.

ჩვენი მოთხოვნაა, რომ ბატონი აბაშიძის დაბარება მოხდეს სასწრაფოდ, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე, საქართველოს პარლამენტში და მან მიაწოდოს საზოგადოებას სრული ინფორმაცია, რა ახალ პროექტებზეა საუბარი, რა ახალი პროექტების განხორციელებას სთხოვს მას რუსეთის ხელისუფლება," - თქვა სამადაშვილმა.

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, დასავლეთი "ქართულ ოცნებას" და ქართველ ხალხს უკვე ერთმანეთისგან განასხვავებს.

"ეს სატრანსპორტო ხაზები, ეს სატრანსპორტო კომუნიკაციები, დიდი ალბათობით გამოიყენება მათ შორის რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლის, ახალი არხების თუ ახალი მექანიზმების გახსნისათვის და რაც ყველაზე ცუდია, "ქართულ ოცნებას" ძალიან შეხმატკბილებული ურთიერთობა აქვს რუსეთის ფედერაციასთან.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართველ ხალხს, მოგვმართავს მთელი დასავლეთი და მათ განასხვავეს "ქართული ოცნება" და ქართველი ხალხი. ყველა ხედავს, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპა, ჩვენი არჩევანი არის ღირსეული მხარდაჭერა უკრაინის. სწორედ ამიტომ 24 თებერვალს უნდა ვიყოთ რაც შეიძლება მეტი," - აცხადებს ვაშაძე.

დღის ამბები