საქართველო სამშვიდობო პოლიტიკას არ გადაუხვევს - ასეთია "ქართული ოცნების" პასუხი გუბაზ სანიკიძის განცხადებაზე. გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" წევრი ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ომის დაწყებით იმუქრება. დეპუტატი მეომრებისა და ვეტერანების სახელითაც საუბრობს. სანიკიძე ამტკიცებს, რომ მათთან კომუნიკაციაც ჰქონდა.
ამ განცხადებამდე, საქართველოში ომის დაწყების რიტორიკასთან დაკავშირებით იყო კიდევ ერთი სატელევიზიო ინტერვიუ. ამჯერად ერთ-ერთ უცხოურ მედიასაშუალებასთან ჟურნალისტმა და ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა მრჩეველმა ისაუბრა.
გუბაზ სანიკიძის განცხადებას შეფასებები მოჰყვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან. ამ შემთხვევაში ოპოზიციისა და მმართველი გუნდის პოზიციები თანხვედრაშია. მხარეებისთვის მსგავსი შინაარსის განცხადებები მიუღებელია. "ქართული ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ პრობლემები მშვიდობიანი გზით უნდა მოგვარდეს.
მმართველ გუნდში ამბობენ რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ხელისუფლების სტრატეგიული მიზანია, საქართველოს არჩევანი კი სამშვიდობო პოლიტიკაა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადება გაუგებარი და მიუღებელია.
საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები თუ პოლიტიკური ჯგუფები ქვეყანაში მეორე ფრონტის თემით სპეკულირებენ.