"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი მიზეზი პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ცვლილება გახდა. ახალი თავმჯდომარის პირობებში ჩატარებული პარტიის მეათე ყრილობის შედეგებით ყველაზე დიდი ოპოზიციურ ძალაში ბრძოლა თანამდებობებისთვის ძლიერდება. პარტიის მმართველი რგოლის 1/3 განახლებას, "ნაციონალური მოძრაობის" ძველმა ხელმძღვანელობამ ზურგს უკან პოზიციების განაწილება და ჩრდილოვანი მმართველობა უწოდა.
ის რაც ნიკა მელიას ფრთისთვის გაუმჭვირვალე პროცესია, უპრეცედენტო დემოკრატიაა ლევან ხაბეიშვილის გუნდისთვის.
შიდაპარტიულ არჩევნებში დაამარცხა და ამის შემდეგ ნიკა მელიას როლი ლევან ხაბეიშვილმა ვერც პოლიტსაბჭოში დაინახა. "ნაციონალურ მოძრაობაში" რიგით წევრად დარჩენილი ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ პარტიაში საბჭოს არჩევითობა ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ამ ფონზე მელიაც მის პარტიაში კვლავ "ჩრდილოვან მმართველობაზე" საუბრობს.
მელიას მსგავსად პარტიის პოლიტსაბჭოში ვერ მოხვდნენ "ნაციონალური მოძრაობის" გამოცდილი და ძველი წევრები - ნუგზარ წიკლაური, ზურაბ მელიქიშვილი და ხათუნა ოჩიაური. სიაში არ შეიყვანეს არც გოგა ონიანი და პარტიის კიდევ ერთი წევრი გიორგი პატარაია. მათი თქმით, პრობლემა არა საბჭოს მიღმა დარჩენა, არამედ ის დამოკიდებულებაა, რომელიც ახალმა მენეჯმენტმა გამოავლინა.
ახალი თავმჯდომარის პირობებში ჩატარებულ ყრილობაზე თავმჯდომარის ოფიციალურად დამტკიცების გარდა მხარი დაუჭირეს თავად პოლიტსაბჭოს ახალი ხელმძღვანელის არჩევასაც. კობა ნაყოფია, რომელმაც პოსტი არჩევნებში მელიას დამარცხების პირველივე დღეს დატოვა, ლევან ბეჟაშვილმა ჩაანაცვლა. ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება ახალი მენეჯმენტისთვის მიუღებელია.
პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია, თუმცა სია შესაძლოა უახლოეს მომავალში შესაცვლელი გახდეს. აკო მინაშვილი, ეკა ხერხეულიძე და გიორგი კირთაძე გაირკვა, რომ საბჭოს წევრების რიგებში მათი თანხმობის გარეშე ჩასვეს, სწორედ ამიტომ ,ყველა მათგანი უარს ამბობს ახალ მენეჯმენტთან საქმიან ურთიერთობაზე და ყრილობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს დემოკრატიულ პრინციპებზე უარის თქმად აფასებენ.
ვინ რა დამსახურებისთვის მოხვდა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს განახლებულ შემადგენლობაში? ეს კითხვა დღეს მელიას გუნდის წევრებმა ახალი ხელმძღვანელობის მისამართით გააჟღერეს. პასუხად ყოფილ თანამოაზრეებს ურჩიეს შეეგუონ რეალობას.
"ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარე 30 იანვარს შეცვალეს. ახლა ხაბეიშვილის გუნდს პარტიული თანამდებობების გარდა ცვლილებების სავარაუდოდ მოუწევს საპარლამენტო ჯგუფშიც მოუწევს. ფრაქციის თავმჯდომარემ პოსტი უკვე დატოვა, ვინ შეცვლის ხატია დეკანოიძეს? კანდიდატურა ჯერ არ დასახელებულა.