საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საქართველოს რუსეთთან რომ დაეწესებინა ორმხრივი სანქციები, საქართველოს ახლა ექნებოდა 10%-იანი ეკონომიკური შემცირება- ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განცხადა.
თალაკვაძემ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროპასთან და დასავლეთთან ერთად რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდა.
"საქართველოს იმ სანქციებზე დამატებით, რომლის ნაწილიც საქართველო არის ევროკავშირთან და დასავლეთთან ერთად - დამატებით რომ შემოეღო ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები და პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ექნებოდა, საშუალოდ, 10%-იანი ეკონომიკური შემცირება. რადიკალური ოპოზიცია მოუწოდებდა ქვეყანას და მოუწოდებდა ხელისუფლებას, რომ ასეთი ორმხრივი სანქციები დაეწესებინა.
ამას თუ დავუმატებთ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს ჰქონდა, გამოდის, რომ საქართველოს დღეს ექნებოდა ეკონომიკის 21%-იანი დანაკარგი. ეს პირდაპირ შექმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს ქვეყანაში. ზუსტად ეს არის რადიკალური ოპოზიციის სასურველი მოგება, ანუ ისინი მოგებად თვლიან, როცა ქვეყანაში არის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა. დანარჩენი ყველაფერი რაც ხდება და რასაც ახლა აკეთებენ, რომ თითქოს ტოვებენ პარლამენტს და თან ვერ ტოვებენ ეს ყველაფერი არის ამ დიდი სურათის ნაწილი,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.