14 ნოემბერი 2024,   21:27
ვრცლად
ეკონომიკა სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულების შესაბამისად ვითარდება - ეკა სეფაშვილი

"ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე, ეკონომიკურ პროცესებზე გაამახვილა ყურადღება. მან გამოსვლა თურქეთში მომხდარი დამანგრეველ მიწისძვრაზე საუბრით დაიწყო და თურქ ხალხს მიუსამძიმრა. 

"პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მინდა, თანაგრძნობა გამოვუცხადო ჩვენს მეზობელ თურქ ხალხს და თანავუგრძნო დაღუპულთა ოჯახის წევრებს ამ საშინელი ტრაგედიის გამო. ვისურვებდი, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს. ჩემს დღევანდელ გამოსვლაში, მინდა, განსაკუთრებით ხაზგასმით აღვნიშნო საქართველოს ეკონომიკის ზრდის ორნიშნა მაჩვენებელი, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ნარჩუნდება და ყურადღება გავამახვილო იმ გარემოებებზე, რომლითაც ეს ორნიშნა ზრდაა განპირობებული.

არის სტაბილური, მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემო, რომლის შენარჩუნება მოახერხა საქართველოს ხელისუფლებამ და საქართველოს ეკონომიკა სწორედ ამ პირობებში ვითარდება. მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ეკონომიკა სწორად დაგეგმილი პრიორიტეტებისა და მიმართულების შესაბამისად ვითარდება. ეს პროცესი მიმართულია არა მხოლოდ ზოგადად ეკონომიკური ზრდისკენ, არამედ ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ. ამის არაერთი დამადასტურებელი ფაქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ. პირველ რიგში, ესაა სახელმწიფო ბიუჯეტის ერთი მესამედის ორიენტირება სოციალურ საჭიროებებზე. მაგალითად, საქართველოს მოსახლეობის 95% სარგებლობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, მიმდინარეობს სკოლებისა და ბაღების, ასევე გზების, ინფრასტრუქტურის, ტურისტული ლოკაციების, წყალმომარაგების სისტემის, გაზმომარაგების სისტემისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაცია.

ეს ყველაფერი არის ის მდგენელი, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებას ემსახურება. სკეპტიკოსები ამბობენ, რომ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ასეა და სწორედ ამიტომ, ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ეკონომიკურ განვითარებას მშვიდობიან, უსაფრთხო და სტაბილურ გარემოში. გავაგრძელებთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რომელშიც პირველი და ცენტრალური აქცენტი სწორედ ადამიანის განვითარებას, მისთვის ღირსეული პირობების შექმნას ემსახურება. სამწუხაროდ, ეკონომიკა და ბიზნესი ის სფერო არ არის, რომელშიც უმოკლეს დროში შეგვიძლია შედეგის დანახვა. ამას სჭირდება მრავალწლიანი და დაუღალავი შრომა. ამისთვის მუხლჩაუხრელად მუშაობს სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მთელი შემადგენლობა. რა თქმა უნდა, ჩვენ, საპარლამენტო უმრავლესობა, ამ პროცესში ხელს შეუწყობთ და მაქსიმალურად გავუწევთ დახმარებას, რომელიც საჭიროა ამ პროცესების სწორად და სამართლიანად წარმართვისთვის.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა გააჟღერა, რაც მდგომარეობს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატის პრინციპების დადგენაში. აღმოჩნდა, რომ ფასნამატები კატასტროფულად მაღალია, ამიტომ სახელმწიფო სტრუქტურაში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სწორედ ამ პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებს. ჩვენ, „ხალხის ძალა“, რა თქმა უნდა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, მხარში ვდგავართ სახელმწიფოსა და პრემიერ-მინისტრს გეგმის განხორციელებისას და, თუ საჭირო იქნება, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივით დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ ამ პროცესს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

დღის ამბები