14 ნოემბერი 2024,   21:31
ვრცლად
პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა

პრემიერ-მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, და მის მოადგილეებთან სამუშაო თათბირი გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კომპეტენციაში შემავალი ორივე მიმართულების - როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ფარგლებში არსებული პრიორიტეტები და განსახორციელებელი გეგმები. ყურადღება დაეთმო "საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030-ის" იმპლემენტაციის დინამიკას.

სახელმწიფო მინისტრმა და მოადგილეებმა მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ ძირითადი ინიციატივის, პროგრამისა და პროექტის თაობაზე, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელდება. სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა, ასევე ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის შერიგება და ნდობის აღდგენა რჩება.

განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ხალხთაშორისი კონტაქტების, საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებას, როგორც საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივების, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ მხარდაჭერილი პროექტების მეშვეობით. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარების, ხელოვნურად დაწესებული შეზღუდვებისა და მძიმე უფლებრივი მდგომარეობის, ასევე კოვიდ პანდემიის შედეგად გამოწვეული შეფერხებების მიუხედავად, ამ დრომდე კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის მხრიდან მსგავსს ინიციატივებსა და პროექტებში ჩართვის ინტერესი და სურვილი მზარდია.
2023 წელს გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი, რომელიც წარიმართება სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით.

სამუშაო თათბირზე, ასევე, განიხილეს სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების დინამიკა და სამომავლო გეგმები, რაც კულტურულად მრავალფეროვანი და დემოკრატიული საზოგადოების შემდგომი განმტკიცებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღის ამბები