პენტაგონში გამართული შეხვედრის შემდეგ, თბილისში აცხადებენ, რომ შტატების მხარდაჭერა ქვეყნის სამხედრო გაძლიერებაში მნიშვნელოვანი ფაქტორია. პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ საქართველო რომ იყოს ძლიერი ქვეყანა, ამაში ამერიკის შეერთებული შტატების როლი ძალიან მნიშვნელოვანია.
"საქართველო იქნება უსაფრთხო ქვეყანა, როდესაც ჩვენ ვიქნებით ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი თავდაცვის უნარით, ძლიერი ეკონომიკით და ძლიერი მოკავშირეებით. ამ ყველაფერში ამერიკის შეერთებული შტატების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა გაუგებარი უნდა იყოს საზოგადოებისთვის, რა უნდა ქართულ ოცნებას, რომლის თავდაცვის მინისტრი ჩადის ვაშინგტონში, ხელს აწერს თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და იღებს 35 მილიონიან დახმარებას თავდაცვის უნარის გაძლიერებისთვის და მეორეს მხრივ, მისივე ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივ რეჟიმში თავს ესხმიან ამერიკის შეერთებულ შტატებს," - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ამერიკის მხრიდან მხარდაჭერის აღმოჩენის მზაობა სრულფასოვანია.
"მზაობა ამერიკის მხრიდან არის სრულფასოვანი, რომ ყველანაირად მხარდაჭერა და დახმარება აღმოუჩინონ საქართველოს, თუ ჩვენ არ ვიქნებით ინიციატორები, თუ ჩვენ კონკრეტული საკითხებს არ დავაყენებთ ამ მოლაპარაკების დროს, იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველო ამერიკისგან უფრო მეტ სამხედრო დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ნათქვამია პენტაგონის განცხადებაში, სადაც ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზეა საუბარი.