პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის განცხადებით, ხალხის ძალის მიერ დაინიცირებული პროექტი, რომელიც მათივე თქმით, ნებისმიერი ორგანიზაციის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს, პოლიტიკური იარლიყების მიწებებისთვის არის განკუთვნილი.
"ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც დაკავშირებულია არასამთავრობო და პოლიტიკურ საქმიანობასთან, ყველას მოეთხოვება მსგავსი ტიპის რეესტრში ჩართულობა. ეს არის უბრალოდ საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის გამოყენებული.
მოტივაცია ამ კანონპროექტის არის ის, რომ მიაწებოს პოლიტიკური იარლიყები კონკრეტულ სუბიექტებს, რომლებიც ჩართულები არიან ანალიტიკურ საქმიანობაში,"-აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში აინიცირებს კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
""ხალხის ძალის“ მიერ შემოთავაზებული კანონით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ" - ნათქვამია სამოქალაქო მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.