"გაუშვით მიშა, მე გაძლევთ პირობას, ივანიშვილის გაყინულ ფულს ჩავუდგები სათავეში, რომ გავათავისუფლებინო," – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ჩალაძემ ერთ-ერთ სატელევიზო ეთერში განაცხადა. ჩალაძის ეს განცხადება დილიდან პოლიტიკური შეფასებების თემაა.
"ნაციონალური მოძრაობის" ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩალაძის განცხადებები არასერიოზულია.
"ვერ ამოვიკითხე ვერავითარი ნიშნები იმისა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ამ შემთხვევაში ბერკეტი იმოქმედოს შვეიცარული ბანკის დამოუკიდებელ ნაბიჯებზე. არასერიოზულია ეს ყველაფერი. ერთს გეტყვით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არამარტო ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იმუშავებენ სამართლიანად, რომ ყველა აღმოჩნდეს სანქცირებული, ვინც ხელს ითბობს რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ბაჩო დოლიძე.
პარტიის წარმომადგენელთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი უკრაინის პრეზიდენტის და მთავრობის მიერ არის ინიცირებული.
"ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი უკვე ინიცირებულია უკრაინის პრეზიდენტის და მთავრობის მიერ. ასევე მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო მხარდაჭერის მხრიდან, ამიტომ სანქცირების საკითხი იქნება როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური საკითხიც. ბიძინა ივანიშვილს მოუწევს შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება," - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა.