პენიტენციურმა სამსახურმა დღეს მიხეილ სააკაშვილის ახალი ვიდეო გაასაჯაროვა. კადრები, რომელსაც პენიტენციური სამსახური ავრცელებს კარგად ჩანს, როგორ გადაადგილდება სააკაშვილი დამხმარე საშუალებით და მის გარეშეც. 2022 წლის დეკემბრითა და 2023 წლის თებერვლის თვით დათარიღებულ კადრებზე დაყრდნობით პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ გარკვეულ მედიასაშუალებებს და დაინტერესებულ პირებს საზოგადოება შეცდომაში შეყავს, თითქოს ექსპრეზიდენტს არ შეუძლია დამოუკიდებლად ელემენტარული ფიზიკური მოქმედებების შესრულება.
საპირისპიროს ამტკიცებს მიხეილ სააკაშვილის ოჯახი, რომელიც ამბობს, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
წუთ ნახევრიანი ვიდეოს კიდევ ერთი ფრაგმენტი, 1 თებერვლით თარიღდება. კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩართვისთვის საგანგებოდ ემზადება,რომ საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აჩვენოს.
ვიდეომასალის გავრცელების გამო, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები რეაგირებას შესაბამისი უწყებებისგან ელოდებიან და აცხადებენ, რომ მსჯავრდებულის ნების საწინააღმდეგოდ, კადრების გავრცელება არ უნდა მომხდარიყო.პერსონალური მონაცემების გასაჯაროების კანონიერების შესწავლის მიზნით შემოწმება დაიწყო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა,
პენიტენციური სამსახურის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს ნაციონალური მოძრაობაც, პარტიაში ამტკიცებენ რომ პენიტენციური სამსახურის გავრცელებული მასალაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს.
საპარლამენტო უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს სიმულაციას, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმე არ არის. დეპუტატები მსჯავრდებულ სააკაშვილს მოუწოდებენ, მიიღოს საკვები და გაითვალისწინოს ექიმების რეკომენდაციები.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნაა ნაციონალური მოძრაობის აქციების მიზანი. პარტიის ლიდერები დღეს სენაკსა და ქედაში შეიკრიბნენ თუმცა, ხალხის სიმცირის გამო აქციები აქაც დაგვიანებით დაიწყო და მალე დასრულდა