14 ნოემბერი 2024,   21:32
ვრცლად
ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სანქციებთან მიერთება მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას გამოიწვევდა, დამძიმებული სოციალური ფონის პირობებში კი გლობალური ომის პარტიას  ჰქონდა არეულობის შექმნის იმედი
"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში იმ სცენარებზე ისაუბრა, რაც ევროკავშირის სანქციებთან მიერთების შემთხვევაში განვითარდებოდა საქართველოში.
 
ირაკლი კობახიძის თქმით, სანქციებთან მიერთება გამოიწვევდა მოვლენების ესკალაციას, ანუ მეორე ფრონტის გახსნას და მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას, შესაბამისად, მისი თქმით, სოციალური მდგომარეობის გაუარესებას ქვეყანაში.

"სანქციებთან დაკავშირებით, ოდიოზური ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთხელ გაისმა ღია მოწოდება. სანქციებზე კიდევ ერთხელ განვუმარტოთ საზოგადოებას, რას გამოიწვევდა ეს ყველაფერი. 

ერთი - ეს არის უმძიმესი შედეგი, ესკალაცია და ამ ესკალაციას შემდეგ მოჰყვებოდა სხვა პროვოკაციებიც მათი მხრიდან. მაქსიმალურად შეეცდებოდნენ ქვეყნის ჩათრევას ესკალაციაში და ამის საბოლოო შედეგი უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, მეორე ფრონტი. 
 
მეორე - შედეგი ამ სანქციების, ვგულისხმობ ევროკავშირის სანქციებთან მიერთებას, ამ სანქციების შედეგი იქნებოდა მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ვარდნა. აქაც შედეგი იგივე ექნებოდა ომის პარტიას, ამ შემთხვევაში აუცილებლად დამძიმდებოდა სოციალური ფონი, რაზეც ჰქონდათ მათ გათვლა და დამძიმებული სოციალური ფონის პირობებში მათ ჰქონდათ არეულობის შექმნის იმედი. ისევ იგივე მიზნით. 
 
სინამდვილეში, როცა გვესაუბრება კუბილიუსი ამ ყველაფერზე, ის კონკრეტულ რამეს გულისხმობს, ის გულისხმობს მაგალითად იმას, რომ აუცილებლად მისი თანაპარტიელები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში საქართველოში, "ნაციონალური მოძრაობა". ასეთ წესებს გულისხმობს. უნდა გადაეცეს მის პარტიას ქართული სასამართლო სისტემა და ა.შ," - განაცხადა კობახიძემ.
დღის ამბები