პოლიტიკური დისკუსიის მთავარი თემა ევროპარლამენტის რეზოლუციაა - დოკუმენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება, "ქართული ოცნების" შეფასებით, უსამართლო და დეზინფორმაციაზე დაფუძნებულია.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი აცხადებს, რომ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის მიზანი ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედების მოხდენაა, რათა მან რაიმე ფორმით გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე და ქვეყანაში ე.წ. მეორე ფრონტი გაიხსნას.
"ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას, სადაც ყოველგვარი ფაქტების, მტკიცებულებებისა და საფუძვლის გარეშე პოლიტიზებულად ხდის საკითხს დაკავშირებულს მიხეილ სააკაშვილთან, ბიძინა ივანიშვილთან და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან, პირდაპირ ვხედავთ, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა და პოლიტიკური ხაზი. რეალურად საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ ზემოქმედება მოახდინონ ბიძინა ივანიშვილზე, რომ მან რაიმე ფორმით გავლენა იქონიოს ქართულ პოლიტიკაზე და საქართველოში გაიხსნას ომის მეორე ფრონტი," - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა თავი შეიკავა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებს.