14 ნოემბერი 2024,   21:24
ვრცლად
"ხალხის ძალისთვის" სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი არაკომპეტენტურია - მმართველ გუნდს ჯერ არ გადაუწყვეტია, დაუჭერს თუ არა მხარს ინიცირებულ კანონპროექტს

ნედ პრაისმა ვაშინგტონში თქვა, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული ახალი კანონპროექტი პოტენციურად არყევს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. დეპარტამენტის პრესსპიკერმა საკანონმდებლო აქტის ამერიკულ ვერსიასთან თავსებადობაც უარყო.

მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრებმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს უპასუხეს. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ მომზადებული კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სამართლებრივი და არგუმენტირებული შენიშვნები ვერ მოისმინეს.

"ხალხის ძალის" წევრები პარტნიორს არამეგობრული დამოკიდებულების გამო აკრიტიკებენ და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში ადანაშაულებენ. ქართული კანონპროექტი, ავტორების განმარტებით, ამერიკულ ანალოგთან შედარებით გაცილებით ლიბერალურია და ქვეყანას კონკრეტული საფრთხეების თავიდან არიდებაში დაეხმარება.

ვაშინგტონის პოზიცია საპარლამენტო ოპოზიციის წევრებისთვის დამატებითი კრიტიკის საფუძველი აღმოჩნდა. ნედ პრაისის მსგავსად, ოპოზიციურ ფლანგში ფიქრობენ, რომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ქვეყნის ევროპულ კურსს დააზიანებს.

საბოლოო გადაწყვეტილებას კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით მმართველი პარტია უმრავლესობის სხდომის შემდეგ მიიღებს. იქამდე, სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ მათთვის კანონპროექტის მთავარი არსი, უფრო საჯარო გახდეს კონკრეტული ორგანიზაციების ბიუჯეტი და დაფინანსების წყაროები - მისაღებია.

"ხალხის ძალის" მიერ მომზადებული პროექტით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედია საშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი ფინანსდება უცხოეთიდან. უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ "უცხოური გავლენის აგენტად" რეგისტრაციისთვის თავის არიდება 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

დღის ამბები